Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?


მიუხედავად დასავლეთის ლიდერთა გულთბილი მილოცვებისა, საქართველოს ხელისუფლებამ კიშინიოვს გამარჯვება არ მიულოცა (ილუსტრაცია).
მიუხედავად დასავლეთის ლიდერთა გულთბილი მილოცვებისა, საქართველოს ხელისუფლებამ კიშინიოვს გამარჯვება არ მიულოცა (ილუსტრაცია).

მოკლედ

  • მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც რუსეთის მარცხად განიხილება.
  • საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მიელოცა არჩევნებში გამარჯვებული ძალისთვის, რასაც ანალიტიკოსები არალოგიკურ და საზიანო ნაბიჯად აფასებენ.
  • რუსეთმა მოლდოვის არჩევნებში ჩარევის სხვადასხვა ფორმა გამოიყენა, თუმცა პროევროპული ძალების გამარჯვება ვერ შეაჩერა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრეზიდენტ სანდუს პროევროპულ პარტიას მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავს - დასავლელი ლიდერების გულითადი მილოცვების ფონზე. ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ რუსეთში, რომელიც კიშინიოვს ასევე არ ულოცავს.

28 სექტემბრის არჩევნების შედეგებით, მოლდოვის ხელისუფლების სათავეში რჩება მკაფიოდ პროდასავლური „მოქმედების და სოლიდარობის პარტია“. მისი გამარჯვება რუსეთის პირწმინდა მარცხად განიხილება.

ორი არჩევნების [საპარლამენტო და საპრეზიდენტო] შედეგები „ქართული ოცნებისთვის“ არც კიშინიოვიდან მიულოცავთ. რა განსხვავებებია ამ ორ ფაქტს შორის?

29 სექტემბერს, როდესაც მოლდოველი ხალხი დასავლელი ლიდერების მილოცვებსა და საქებარ სიტყვებს გულუხვად იღებდა, მთელი დღის განმავლობაში დუმდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. დღის ბოლოს, „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ახსნა რატომ არ მიულოცავს თბილისი კიშინიოვს.

„ვიდრე დსთ-ის წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა და ამის შემდეგ ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, - კობახიძის პასუხი, ანალიტიკოსების აზრით, აბსურდულთან ერთად - არალოგიკური, წინდაუხედავი და დამაზიანებელი სვლაა, თავად „ოცნებისთვის“.

„დსთ-ში ბევრი ქვეყანაა, მაგალითად - ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ე.ი. დსთ-ს წევრებიდან არავის აღარ მიულოცავენ მომავალში?! ეს მხოლოდ უხეში გამონათქვამი არ იყო, ეს ნონსენსია. ამით შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დღეს დსთ-ს წევრია. თითქმის ყველა ჩვენი მეზობელი დსთ-შია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.

მილოცვაზე უარი ანალიტიკოსისთვის ერთადერთ რამეს ნიშნავს - "ოცნება" "არ უჭერს მხარს პროდასავლური ძალების გამარჯვებას მოლდოვაში".

"მერე რა, თუ არ ულოცავს [კობახიძე] - არც მოლდოვამ მოგვილოცა" - იხსენებენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.

გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ რეალური მიზეზი იყოს ბრაზიც - რადგან კიშინიოვიდან “ქართულ ოცნებას”, შარშან, არც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და არც მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პრეზიდენტად - უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ, არაპირდაპირი წესით.

თუკი მიზეზი მართლაც ბრაზი და საპასუხო ნაბიჯია - კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ მაშინ, იმავე ლოგიკით - “ქართულ ოცნებას” ბევრი ქვეყნის იგნორირება მოუწევს, რადგან დემოკრატიული ქვეყნების უდიდეს ნაწილს “ოცნების” ხელისუფლებისთვის დღემდე არ მიულოცია.

  • რუსეთის „უპრეცედენტო ჩარევის“ ფონზე, მოლდოვაში პროდასავლური ძალების ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას თითქმის არავინ მოელოდა.
  • 28 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი 50,2%-ს უტოლდება, რითაც 101-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატს ნიშნავს. პრორუსი პოლიტიკოსის, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტი იგორ დოდონის „პატრიოტულმა ბლოკმა“ მხოლოდ 24,17%-ის [26 მანდატი] მიღება შეძლო.


კიდევ ვინ [არ] მიულოცა?

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" 29 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას. ექსპერტები მოელიან, რომ მოლდოვას რუსეთის გარდა, არც ბელარუსი მიულოცავს.

მაია სანდუს პარტიას უკვე მიულოცეს უმაღლესმა წარმომადგენლებმა ევროკომისიიდან, ევროპარლამენტიდან თუ ევროსაბჭოდან; ასევე არაერთი დასავლური ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის.

კიშინიოვსა და მოლდოველ ხალხს გულთბილად მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. X-ზე გამოქვეყნებულ მის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოლდოვის არჩევნებმა გამოავლინა ერთგულება “ქვეყნის ევროპული მომავლის წინ წაწევის" მიმართ.

არჩევნების შედეგები ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა და შესაბამისად - მოლდოველი ხალხისთვის ჯერ ყველას არ მიულოცია. მაგრამ საქართველომ უარი უკვე თქვა.

კობახიძის სიტყვები რუსეთის სახელმწიფო მედიაშიც მოხვდა. „ტასი“ იხსენებს თბილისის გულისწყრომასაც, რომ, თითქოს, სრულიად უმიზეზოდ, დსთ-ს წევრ მოლდოვას ევროკავშირში უკეთესად ეპყრობიან, ვიდრე საქართველოს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების დარღვევა თუ დეზინფორმაციის გავრცელება - ევროკავშირის კრიტიკის მთავარი აქცენტებია. ამ ეტაპზე შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაცია, გაუქმებულია მაღალი დონის ვიზიტები. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზოდ ჩასვლა აეკრძალათ. ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესეს ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვებიც. მოლდოვა და უკრაინა კვლავ განაგრძობენ ევროინტეგრაციის გზას. მათ ჩამორჩა საქართველო.

"მოლდოვას დემოკრატიული სამყარო ულოცავს, მიულოცა ევროკავშირმა, სადაც გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაში უწერია… მოლდოვას არ ულოცავს რუსეთი, ბელარუსი, საქართველო - თავისთავად ეს ორი დაჯგუფებაც ასახავს იმ რეალობას, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა ჟღენტი, "ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში.

მამუკა ჟღენტი კარგად იცნობს მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს; საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვებას მოლდოველი ხალხის გააზრებულ მოქმედებას მიაწერს და გვეუბნება, რომ ხალხის დიდი ნაწილი არ აჰყვა წინასაარჩევნო პროპაგანდას, რომ თითქოს მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ ანტიდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერით იყო შესაძლებელი.

“მოლდოველი ამომრჩეველი არ არის ისეთი გამოთაყვანებული, როგორიც რუსეთს ჰგონია. ისინი კარგად ხვდებიან, რომ თუ ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა პრორუსული ძალა, დნესტრისპირეთის ფაქტორის გათვალისწინებით, გაიზრდებოდა უკრაინასთან კონფრონტაციის რისკიც. ეს კი, პირიქით, ათჯერ გაზრდიდა ვარაუდს, რომ შესაძლებელი გამხდარიყო სამხედრო მოქმედებები.

მოლდოველებმა არა მხოლოდ საკუთარ ევროპულ მომავალს, მრწამსსა და ფასეულობებს დაუჭირეს მხარი, არამედ გააანალიზეს ყველაფერი და არ აღმოჩნდნენ პროპაგანდის მსხვერპლი”, - გვეუბნება მამუკა ჟღენტი.

რუსეთის დიდი მარცხი

მოლდოვის არჩევნებში რუსეთის „უპრეცედენტო ჩარევაზე“ ლაპარაკობენ საერთაშორისო საარჩევნო მისია და დასავლელი პოლიტიკოსები. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პროდასავლური ძალების წინააღმდეგ კრემლმა მოლდოვაში დიდი ფული დახარჯა, ფული გაათეთრა, ჰიბრიდული ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა და დააფინანსა ქსელი, რომელიც ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებას უწევდა კოორდინაციას. ამ მოცემულობის გამო, 28 სექტემბრის არჩევნებს დასავლური საზოგადოების ფრთხილი ოპტიმიზმი და ზოგჯერ - შიშნარევი მოლოდინი უკავშირდებოდა.


„ამ არჩევნებზე მთავარი მარცხი რუსეთმა განიცადა“, „ის [რუსეთი] მაია სანდუს დემონიზებას, დაშინებას ცდილობდა, ემუქრებოდა მას“ - ეუბნება რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს პოლიტოლოგი ნიკოლაე ნეგრუ. მისი დაკვირვებით, რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებდა - მოლდოვის პროევროპული კურსისთვის ძირის გამოსათხრელად, მაგრამ „მაინც ფიასკო განიცადა“.

„ეს არის სილის გაწვნა ვლადიმირ პუტინისთვის", "მაია სანდუ უკვე მეორედ უგებს ბრძოლას რუსეთს [ჯერ საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში - რ.თ.] “ - ამბობს მოლდოველი პოლიტოლოგი.

რუსეთის სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, მოსკოვში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“, მათ შორის - ქუჩის აქციებით განაგრძობს ბრძოლას.

თუმცა არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე დოდონმა მხოლოდ მხარდამჭერების მცირე ჯგუფის გამოყვანა შეძლო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG