Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაგვიჭირდება მილოცვა“ - ირაკლი კობახიძე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე 


ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ამავდროულად, "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ ულოცავს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოლდოვის პროევროპულ ძალას, რომლის ლიდერიც მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუა. 

ამ საკითხზე მას შეკითხვა „TV პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა: „მოლდოვაში დამარცხდა პრორუსულად განწყობილი პარტიები. მაია სანდუს მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მილოცვა არ მოგვისმენია, რას გვეტყვით ამ არჩევნებზე, როგორ შეაფასებთ? არ გინდათ, რომ მიულოცოთ?“

„ვიდრე დსთ-ის წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა და ამის შემდეგ ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ.

მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“.

პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ლიდერი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი იგორ დოდონია, მეორე ადგილზე გავიდა. ბარიერი გადალახა კიდევ სამმა პოლიტიკურმა ძალამ.

„მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მიერ უმრავლესობის შენარჩუნება მოლდოვის მთავრობას საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მიმართული პოლიტიკა. ევროკავშირმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში გახსნა.

მოლდოვის პროევროპულმა ხელისუფლებამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში. მოსკოვი ამას უარყოფს.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს არაერთ პრორუსულ პარტიას. არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო მოლდოვის პოლიციამ, პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება. დაკავებულია ათეულობით პირი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG