გასული, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი ადამიანითაა გაზრდილი.
„200-ათასიანი მატებაა მთლიანად მოსახლეობის, თუმცა დღეს ვერ ვშლით ამ მონაცემს დეტალურად, რადგან ეს მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება. ამ ყველაფერს გავიგებთ მომავალ წელს. მათ შორის, მოქალაქეებს ხშირად აინტერესებთ ხოლმე განსაკუთრებით ეს მონაცემი, მაგალითად, რამდენია მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი ან რამდენია უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. ამ და სხვა კითხვებზე პასუხი გვექნება ერთი წლის თავზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა შავიშვილი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
აღწერა საქართველოში 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. დღეს, 25 ივნისს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა - მოსახლეობის რაოდენობა და სქესი რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით.
ასაკის, მოქალაქეობის, დასაქმების, განათლების, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემები 2026 წლის ივნისში გაირკვევა.
იზრდება ქალების რაოდენობა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, 53%, ქალები არიან.
კიდევ უფრო მაღალია ქალების წილი თბილისსა (56%) და ქუთაისში (55%). ერთადერთი რეგიონი, სადაც ქალი მოსახლეობა შედარებით ნაკლებია, არის მცხეთა-მთიანეთი. ამ რეგიონში მოსახლეობის 51% კაცია.
ქალების რაოდენობა კაცების რაოდენობაზე მეტი იყო წინა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის დროსაც. თუმცა, ახალი აღწერის შედეგების მიხედვით, ქალების წილი მცირედით, მაგრამ კიდევ უფრო გაზრდილია (1%-ით).
გაზრდილია ქალაქში დასახლებული მოსახლეობის რიცხვიც. თუკი 2014 წელს საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 57% ცხოვრობდა, ახალი აღწერის თანახმად, ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა.
რამდენით გაიზარდა თბილისის მოსახლეობა?
მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 34%.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ 2014 წელთან შედარებით, დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია 221 ათასი მოსახლით, ანუ 20%-ით და ახლა თბილისში მცხოვრებთა რიცხვი შეადგენს 1 330 000 ადამიანს.
ბათუმი - ყველაზე მეტად გაზრდილი ქალაქი
2024 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ბათუმის მოსახლეობა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში 53%-ითაა გაზრდილი. დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 234 ათასს.
წინა, 2014 წლის საყოველთაო აღწერისას, ბათუმში 152 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის ასეთი ზრდა სხვა არცერთ ქალაქსა თუ რეგიონში არ ჩანს.
პაატა შავიშვილი ამ ცვლილებას „გამორჩეულ შემთხვევას“ უწოდებს და ბათუმის მოსახლეობის ზრდის რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე ელაპარაკება რადიო თავისუფლებას.
„საბჭოთა კავშირის დაშლისას ბათუმში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 30 წლის თავზე ეს რიცხვი გაზრდილია ორჯერ. რომ შეხედოთ აჭარის მთიანეთს, ის მოსახლეობის მხრივ განახევრებულია. ქვეყანაში მოსახლეობის ყველაზე დიდი კლება გვაქვს ხულოსა და შუახევში. ეს ხალხი წამოსულია, სავარაუდოდ, ბათუმში საცხოვრებლად.
გარდა ამისა, მატება, ცხადია, იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ფონზეც. ჯერ ეს მონაცემები დეტალურად არ დამუშავებულა, მაგრამ, სავარაუდოდ, ესეც იქნება ერთ-ერთი მიზეზი ბათუმის მოსახლეობის ზრდისა. ისედაც ნათელია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მზარდი რიცხვი ამ ქალაქში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა შავიშვილმა.
მოსახლეობის რაოდენობა 9%-ითაა გაზრდილი ქუთაისში. გაზრდილია რუსთავის მოსახლეობის რაოდენობაც.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გასული აღწერის შემდეგ, გაზრდილია მცხოვრებთა რაოდენობა სამ მაღალმთიან რაიონშიც: ლენტეხში, ყაზბეგსა და მესტიაში.
„შეგვიძლია თავი დავდოთ ჩვენი მონაცემების ხარისხზე“
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, განრიგის მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, საქსტატის გადაწყვეტილებით, აღწერის პროცესი 12 დღით, 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
მაშინ საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ აღწერის გახანგრძლივების მიზეზი ასე ახსნა:
„აღწერის მიმდინარეობისას, თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი.
მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრისთვის მეტად კომფორტული აღმოჩნდა თვითრეგისტრაციის მეთოდი“.
გასული წლის ბოლოს, საყოველთაო აღწერა ზუსტად დაემთხვა ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ევროინტეგრაციის პროცესი, რასაც თბილისში მოჰყვა მასობრივი საპროტესტო ტალღა და შემდეგ უკვე დემონსტრანტთა დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება, სახლების ჩხრეკა.
საქსტატის ხელმძღვანელი მაშინ არ უარყოფდა, რომ აღმწერებისთვის კარის გაღებაზე ან აღწერაში მონაწილეობაზე უარის მიზეზი შესაძლოა, სწორედ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა.
მიუხედავად აღწერის პროცესში შექმნილი სირთულეებისა, პაატა შავიშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ მათ მოსახლეობის სრულყოფილი აღწერა ჩაატარეს:
„ფაქტობრივად, 100%-იანი მოცვა გვაქვს მთელი მოსახლეობის. შეგვიძლია თავი დავდოთ ჩვენი მონაცემების ხარისხზე და პასუხს ვაგებთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდა აღწერა. ჩვენ გვაქვს მოსახლეობის აღწერის საერთაშორისო მეთოდოლოგიით მიღებული მონაცემი“, - ამბობს ის და განმარტავს, როგორ შეავსეს და მიიღეს მონაცემები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, აღმწერები პირისპირ ვერ გაესაუბრნენ:
„შესაძლოა, პირისპირ არ წამოვიდეს მოსახლეობა ინტერვიუზე, მაგრამ მეზობლისგან მივიღოთ ყველაზე ძირითადი, ელემენტარული ინფორმაცია - გვარი, სახელი, სქესი, ასაკი.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები ასევე დარდება ადმინისტრაციულ წყაროებს და შეუვსებელი წერტილები რაც რჩება, ივსება ადმინისტრაციული წყაროებიდან.
ქვეყანას გააჩნია უამრავი ადმინისტრაციული წყარო, რომელზე წვდომაც სტატისტიკის სამსახურს აქვს და ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ, რომ შევავსოთ და აღწერის მოცვა იყოს ფაქტობრივად 100%-იანი. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა.
გასულ წელს გვქონდა აუარებელი მონაცემთა წყარო. მაგალითად, სკოლის მოსწავლეთა ბაზა არსებობს, რომელიც რეალურ დროში გაწერილი ბაზაა. არის პენსიონერთა ბაზა, არის სტუდენტთა ბაზა, არის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზა და ა.შ.“, - უთხრა პაატა შავიშვილმა რადიო თავისუფლებას.
საქართველოში ჩატარებული სხვა აღწერებისგან განსხვავებით, 2024 წელს მოსახლეობა პირველად აღიწერა ელექტრონული ფორმითაც. საქსტატის ინფორმაციით, ელექტრონული კითხვარით, ანუ თვითრეგისტრაციით, გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის 5%-მა ისარგებლა.
პაატა შავიშვილი ამბობს, რომ მონაცემების უმეტესი ნაწილი მიიღეს მოსახლეობის პირისპირ გამოკითხვის გზით.
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა იურიდიული პირისა და ფიზიკური პირისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის.
უფრო კონკრეტულად, საყოველთაო აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ.
აღწერაში მონაწილეობა არ მიუღიათ ემიგრანტებს. ანუ 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს.
საქსტატის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და გაეროს სტატისტიკის სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, რომლითაც მსოფლიო არაერთი ქვეყანა ხელმძღვანელობს, ემიგრანტები ითვლებიან იმ ქვეყნის მცხოვრებლებად, სადაც იმყოფებიან და, შესაბამისად, აღწერის ობიექტს არ წარმოადგენენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, ემიგრანტთა ოფიციალური რიცხვი 121 425-ს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღწერის დეტალური, საბოლოო შედეგები, რომლებიც 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება, მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მოსახლეობის დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები; მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლების დონე, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია და იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი, შინამეურნეობების საბინაო პირობები, საცხოვრისის ტიპი, შენობის აშენების წელი, ფართობი და ოთახების რაოდენობა, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები; ერთწლიანი კულტურებით და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის სტრუქტურა, ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ძირთა რაოდენობა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.
ფორუმი