ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია ამ თანხის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება და შესაბამის დოკუმენტაციას პროკურატურას წარუდგენენ.
დაზუსტებით უცნობია, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ფარცხალაძის სახლი ჯერ კიდევ გასულ პარასკევს, 17 ოქტომბერს, გაჩხრიკეს - თუმცა, სავარაუდოდ, ამ საქმეში კორუფცია ფიგურირებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო და პროკურატურა აწარმოებენ - საქმე ასევე ეხებათ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს.
დღეს სუსმა ასევე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა, რომ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლებს იღებდა, - დეტალები ჯერ უცნობია.
ვინ გაჩხრიკეს მაღალჩინოსნების გარდა
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ანტიკორუფციული „წმენდისა“ და პარალელურად მედიაში მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ცნობების ფონზე, გასული კვირიდან ექსმაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.
კერძოდ 17 ოქტომბერს, დილიდან საქართველოში გაჩხრიკეს სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი პირის ბინები და სახლები - 24 ადგილი.
ეს მაღალჩინოსნები არიან:
- ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი;
- ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე - პოსტს 2013 წელს იკავებდა, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში;
- სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
მათ გარდა, გაჩხრიკეს შემდეგი ხუთი ადამიანის სახლები:
- რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ის დაკავებულია, წინასწარ პატიმრობაშია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ასევე კორუფციას უკავშირდება;
- სანდრო ლილუაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი;
- ვანო და თორნიკე პარკაულები;
- მიხეილ ჩოხელი - ოთარ ფარცხალაძის მეგობარი.
18 ოქტომბერს სუსმა განაცხადა, რომ წინა დღეს ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და ასევე 7 მილიონი დოლარი.
მას შემდეგ დღემდე ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.
კობა ხუნდაძე - „დაგი ბილდინგის“ მფლობელი
დღეს, 22 ოქტომბერს, პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დააკავეს მოქალაქე კობა ხუნდაძე. ის აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა.
კობა ხუნდაძე არის შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის ძმა.
- ვლადიმერ ხუნდაძე ამ თანამდებობაზე 2019-2025 წლებში მუშაობდა.
- ვლადიმერ ხუნდაძე გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარეა.
კობა ხუნდაძე, - რომელიც წარსულში საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა, - არის სამშენებლო კომპანია „დაგი ბილდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
პროკურატურის განცხადებითვე, ის არის სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან „დაკავშირებული პირი“.
საჯარო რეესტრის მიხედვით, კობა ხუნდაძეს არაერთი ბინა აქვს შეძენილი.
პროკურატურის ვერსიით, მან „დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში“.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ხუნდაძის სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი.
პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბრალდებულმა ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი სქემა.
ვინ არის ფარცხალაძის მეგობარი
პარასკევს 24 სახლის ჩხრეკის შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ 11 ობიექტი.
დღესვე, იმავე ბრიფინგზე, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან „ამოიღეს“ 2 904 900 აშშ დოლარი.
მიხეილ ჩოხელის სახლიდან ეს თანხა, პროკურატურის განცხადების თანახმად, დამატებითი ჩხრეკის ფარგლებში ამოიღეს.
მიხეილ ჩოხელი, რომელსაც პროკურატურა უწოდებს ყოფილ მთავარ პროკურორთან „დაკავშირებულ პირს“, ოთარ ფარცხალაძის დიდი ხნის მეგობარია.
მიხეილ ჩოხელი არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (იგივე „ფინანსური პოლიციის“) ყოფილი თანამშრომელი. მთავარ პროკურორად დანიშვნამდე სწორედ ამ უწყებას ხელმძღვანელობდა ოთარ ფარცხალაძე.
- 2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი;
- მანამდე - უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი - ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
არც პროკურატურას და არც სუსს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, რომ ჩოხელს ბრალი წაუყენეს.
გენერალური აუდიტორის „ცემის“ ეპიზოდი
მიხეილ ჩოხელი თან ახლდა ოთარ ფარცხალაძეს 2017 წლის 13 მაისს - გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან მომხდარი ინციდენტისას. სწორედ ჩოხელი დააჯარიმეს ამ საქმეზე.
ლაშა თორდიამ 2017 წლის 13 მაისს - როდესაც ის გენერალური აუდიტორის პოზიციას იკავებდა - პოლიციაში განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე, კლუბ „ელ ცენტროში“ სცემეს.
თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.
ფარცხალაძეს 2018 წლის ნოემბერში ამ საქმეზე ბრალი წარუდგინეს, თუმცა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ 5-ათასლარიანი გირაო მოითხოვა.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, - რომლის ვაჟიც, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა, - ამ ამბავზე 2018 წელს თქვა, რომ თორდია „არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე“: „ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები“.
2021 წელს სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.
მხოლოდ ფარცხალაძის თანმხლებ პირს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, მიხეილ ჩოხელს, დააკისრა 5000-ლარიანი ჯარიმა.
2022 წელს აშშ-ში ემიგრაციაში წასულ თორდიას შტატების საემიგრაციო სასამართლომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
რას ამბობს ადვოკატი
მიხეილ ჩოხელის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წლებია, დასაქმებულია კერძო სექტორში და აქედან ოფიციალურად დადეკლარირებული აქვს „სოლიდური შემოსავლები“, - როგორც ბიზნეს საქმიანობიდან, ასევე პირადი ქონების გასხვისების ფარგლებში.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018-2025 წლებში, მას ჯამში მიღებული აქვს დაახლოებით 15 000 000 მილიონი ლარი“, - აცხადებს მოსიაშვილი, რომლის განცხადებასაც IPN-ი ავრცელებს.
მისი თქმითვე, ამ ინფორმაციასთან „შეუზღუდავი წვდომა“ აქვს პროკურატურასა და გამომძიებლებს, რადგან ეს ყველაფერი ასახულია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ მონაცემთა ბაზებში.
„მიუხედავად ამისა, საქმის მაღალი ინტერესის მოტივით, საქართველოს პროკურატურა, რომელსაც ევალება სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის - ახდენს მიხეილ ჩოხელის იდენტიფიცირებას ფულად თანხებთან მიმართებაში და სოციუმის არასწორ, ცალმხრივ ინფორმირებას იმგვარად, რომ თითქოსდა მიხეილ ჩოხელის საბანკო სეიფებში ნანახია უკანონო ფულადი თანხები“, - აცხადებს ადვოკატი.
„დასახელებული 2 904 900 აშშ დოლარის ლეგალური წარმომავლობის დადასტურება, მიხეილ ჩოხელს შეუძლია და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას უახლოვეს პერიოდში“, - აცხადებს ის.
ოთარ ფარცხალაძეზე - მოკლედ
აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობების მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ, სულ მცირე, 2024 წლიდან გვარში „რომანოვი“ დაიმატა. მისი კიდევ ერთი მეგობრის თქმით, მან გამოიძია, რომ „რომანოვების დინასტიიდან ბრძანდება ბატონი ოთარი“.
ამჟამად ის მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა. სანქცირებიდან ერთი თვის შემდეგ, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
- ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია.
პროკურატურაშიც და ფინანსურ პოლიციაშიც ფარცხალაძის მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო, - რომელიც მოგვიანებით თავად მუშაობდა მთავარ პროკურორად, 2024 წლამდე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით:
- ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“;
- ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, „ეფესბეს“ ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან;
- "ეფესბე" იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“.
აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა: „ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ“.
სანქცირების შემდეგ გამოძიება არ დაწყებულა. ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა და საქართველოს მოქალაქეებზე „გამონაკლისი“ დააწესა.
ფარცხალაძე მხოლოდ გასულ კვირას აღმოჩნდა ჩხრეკის ობიექტებს შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ დაანონსებული ანტიკორუფციული წმენდის ფონზე.
მანამდე, ფარცხალაძის სახელი გაჟღერდა 2025 წლის სექტემბერში, „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას.
სასამართლო განხილვებისას ერთ-ერთმა დეტექტივმა, - „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, წყაროს გარეშე, - ასევე, მოკლულის მამიდაშვილმა, - ახსენეს ოთარ ფარცხალაძე და 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი.
მამიდაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის თქმითვე, ფარცხალაძესა და ჯანგველაძეს შორის უთანხმოება არსებობდა „სიგარეტისა და „კოკა-კოლის“ ბიზნესთან დაკავშირებით.
ფარცხალაძე ამ საქმეზე ჯერ არც დაუკითხავთ და არც ბრალი წარუდგენიათ.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ „არ არის მართებული, მოწმის ჩვენების საფუძველზე ვინმე მისცე პასუხისგებაში“ და გამოძიება გრძელდება.
ფორუმი