„აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება“, - იუწყება ადმინისტრაციის პრესცენტრი.
ისაუბრეს პეტერ ფიშერის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე.
„აღინიშნა, რომ ეს დიპლომატიური ზომა შესაბამის წინაპირობებს ეფუძნებოდა“, - წერს ადმინისტრაცია.
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრაზე ჟორჟოლიანმა თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება“.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს „გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე“.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით“.
ამავე წყაროს თანახმად, „ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს“.
- რამდენიმე კვირის წინ ელჩი ფიშერი რადიო თავისუფლებასთან ამბობდა, რომ „გრანტების კანონთან“ დაკავშირებით საელჩომ არ იცის დეტალები: ჩვენ ყოველთვიურად ათასობით ფინანსური ტრანზაქცია გვაქვს. ყველა ტრანზაქციისთვის ნებართვა უნდა ვითხოვო?“ - ამბობდა ის.
- „კანონის დაცვა ყოველთვის შესაძლებელია, უბრალოდ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება ამას. გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით კი ჯერ კიდევ ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას. ასე რომ, ეს საკმაოდ უცნაური სიტუაციაა ჩვენთვის, როდესაც გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულს საქართველოში ვხარჯავთ და ამას სულ უფრო გვირთულებენ“, - ამბობდა ის.
წინა საღამოს, 24 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კატეგორიულად დაგმო“ ელჩი პეტერ ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო უწყებაში.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას“, - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ელჩი „წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“.
მანამდე, 24 სექტემბერსვე, ელჩი ფიშერი საგარეო უწყებაში დაიბარეს - ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიისა და თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, როდესაც გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
პეტერ ფიშერს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.
ფორუმი