Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმი უწყლობისგან რომ იხსნას, რუსეთი ხერსონის შენარჩუნებას შეეცდება


სერგეი აქსიონოვი, ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ჩრდილოეთ ყირიმის არხი და ყირიმის წყალსაცავი. კოლაჟი
სერგეი აქსიონოვი, ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ჩრდილოეთ ყირიმის არხი და ყირიმის წყალსაცავი. კოლაჟი

ყირიმელი ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ 2025 წლის შემოდგომისათვის რეგიონს ემუქრება გვალვების დაწყება, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება მთელი ყირიმის მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოხელეებმა უკვე დაიწყეს ფიქრი ანექსირებული ნახევარკუნძულის წყლით მომარაგებისათვის, სავარაუდოდ, ეს ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, რის გამოც კრემლი შეეცდება, რომ შეინარჩუნოს კონტროლი უკრაინის ხერსონის ოლქზე.

რუსული ძალები ამჟამად აკონტროლებენ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს და აცხადებენ, რომ ოთხი რეგიონის - ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსია მოახდინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიების ზოგიერთი ნაწილი კიევის კონტროლის ქვეშ რჩება.

წყლის დეფიციტის პირქუში პროგნოზი და ოპტიმისტურად განწყობილი საოკუპაციო ხელისუფლება

სიმფეროპოლის წყალსაცავი წლევანდელ ზამთარში სანახევროდ იყო სავსე. წყლის დონე იმდენად დაეცა, რომ თანამგზავრის საშუალებით შეიძლებოდა იმის დანახვა, თუ როგორ გაშიშვლდა წყალსაცავში კუნძული.

გაშიშვლებული კუნძული სიმფეროპოლის წყალსაცავში
გაშიშვლებული კუნძული სიმფეროპოლის წყალსაცავში

ყირიმის წყალსაცავი ავსებულია სანახევროდ, ამტკიცებენ ჰიდროლოგები, რომელთა მონაცემებით, წყალსაცავში ამჟამად მხოლოდ 150 მილიონი კუბური მეტრი წყალია. შედარებისთვის, 2023 წლის დეკემბრისთვის წყალსაცავის მარაგი 210 მილიონ კუბურ მეტრ წყალს შეადგენდა. თუ განვლილ 2024 წელს ჰიდროლოგები საშუალოზე დაბალნალექიანს უწოდებდნენ, 2025 წელს მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე გვალვები დაიწყოს.

"ჩვენ გვაქვს გვალვები, დიდი და შედარებით დიდი, რომლებიც ყოველ მეშვიდე წელს ხდება. და დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა, 7-წლიანი, 30-წლიანი თუ კიდევ სხვა ციკლების თანხვედრით, გვალვები შეიძლება იყოს ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, წყლის დეფიციტის დონე შეიძლება იყოს დიდიც და მცირეც. უახლოეს გვალვას ჩვენ ნელ-ნელა, მომავალი შემდგომის დადგომისთანავე ვიგრძნობთ", - განაცხადა "რადიო ყირიმის" ეთერში, ყირიმის სამეცნიერო-საწარმოო ფირმის "წყლის ტექნოლოგიების" დირექტორმა, ანატოლი კოპაჩევსკიმ.

ყირიმელი ჰიდროლოგების პროგნოზით, მომდევნო 2026, 2027 და 2028 წლები უფრო და უფრო გვალვიანი იქნება. მიმდინარე წელს კი წყალი მოსახლეობას ეყოფა. უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების მეთაური, სერგეი აქსიონოვი, რომელიც ამშვიდებს ყირიმელებს, თითქოსდა, დაგროვებული წყალი წელიწად-ნახევარ - ორ წელს გეყოფათო.

"ყირიმს დღესდღეობით გვალვა არ ემუქრება, არსებული მონაცემებით, წელიწად-ნახევარი - ორი წლის განმავლობაში ჩვენ უზრუნველყოფილი ვიქნებით წყლით. სრულიად მშრალი სიტუაციის პირობებშიც კი, გვექნება სტაბილური ვითარება, არავის არაფერი არ ემუქრება. რა თქმა უნდა, იალტა და ალუშტა ჩვენთან ყველაზე უფრო მეტად არის დაზიანებული და ისინი მოსალოდნელი გვალვის საფრთხის წინაშე უფრო დაუცველი ჩანან", - განაცხადა აქსიონოვმა.

აქსიონოვის პროგნოზები შეიძლება არარეალური აღმოჩნდეს. ისევე როგორც ზედმეტად ოპტიმისტური შეიძლება აღმოჩნდეს ყირიმელი ჰიდროლოგების პროგნოზებიც გვალვის მხოლოდ შემოდგომაზე დაწყების შესახებ, - ამბობს სერგეი გაპონი, გეოინფორმაციისა და მდგრადი განვითარების მსოფლიო მონაცემთა ცენტრის გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

სერგეი გაპონი, გეოინფორმაციისა და მდგრადი განვითარების მსოფლიო მონაცემთა ცენტრის გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
სერგეი გაპონი, გეოინფორმაციისა და მდგრადი განვითარების მსოფლიო მონაცემთა ცენტრის გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

"სიტუაცია ისეთია, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში წყალი იკმარებს, შემდეგ კი - არავინ იცის. იმიტომ, რომ რეალურად ზაფხულის ამ პერიოდშიც კი წყალი შეიძლება ბევრ წყალსაცავში აღარ იყოს საკმარისი", - ამბობს სერგეი გაპონი.

ზოგავენ თუ არა წყალს ოკუპირებულ ყირიმში?

თუ ავიღებთ სევასტოპოლს, რომლის მონაცემებიც დისტანციურად შევისწავლეთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა გაორმაგდა. და რის ხარჯზე? ეს არის სამხედრო კონტინგენტი. და აქ არის მარტივი პასუხი. თუ გინდათ, რომ მოსახლეობას წყალი ჰქონდეს, არ გამოკვებოთ სამხედრო კონტინგენტი.
სერგეი გაპონი

ყირიმში რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკვე შეწყვიტეს წყლის მოპოვების მასშტაბური პროექტების შესახებ დაპირებების გაცემა. ისინი აღარ იხსენებენ თავიანთ იდეებს, როგორებიცაა ზღვის წყლიდან მტკნარი წყლის მისაღებად სპეციალური ქარხნების აშენება, ან მტკნარი წყლის მოპოვება შავი ზღვის ფსკერზე, და ბოლოს ზღვის ფსკერზე გვირაბის გაყვანა, რომლითაც რუსეთის კრასნოდარის ოლქიდან წყალი ყირიმის მიმართულებით გადაიქაჩებოდა. უკვე გასულ წელს სერგეი აქსიონოვი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია "გამოსავლის მოძებნა" და ხაზს უსვამდა, რომ "ბუნების იმედი გვაქვს".

"დიახ, მორწყვის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტათი შეზღუდულები ვართ. მაგრამ განვლილი წლების განმავლობაში, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ფონს გავდივართ იმ მოცულობით, რასაც სუფთა წყლის სახით, ყირიმის ბუნება გვაძლევს. ამიტომ, შემდგომშიც გამოვალთ შექმნილი მდგომარეობიდან", - განაცხადა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში აქსიონოვმა.

წყლის ეკონომიის თაობაზე აქსიონოვმა ანგარიში ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს ჩააბარა და უპატაკა, რომ რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებასთან ერთად მიაღწია 11 მილიონი კუბური მეტრი წყლის ყოველწლიურ ეკონომიას ყირიმისთვის.

მაგრამ რეალურად ყირიმში წყლის ეკონომია არ შეიმჩნევა. ყირიმის ჰიდროლოგები რამდენიმე წელია ლაპარაკობენ იმაზე, რომ წყლის ეკონომიაში დახმარება შეეძლო ყირიმ-მეჟიგორიეს დიდ წყალსაცავს, რომელშიც შეიძლებოდა მომხდარიყო გადაღვრილი ზედმეტი წყლის აკუმულირება. მაგრამ 2014 წლიდან ეს წყალსაცავი უმოქმედოა. და მისი გამოყენებისთვის სამზადისიც კი არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთების პირობას ხელისუფლება ჯერ კიდევ 2022 წელს დებდა. თავად წყალსაცავი კი გუბედ არის ქცეული.

ყირიმ-მეჟიგორიეს დამშრალი და გუბედ გადაქცეული წყალსაცავი, 2022 წლის მარტი
ყირიმ-მეჟიგორიეს დამშრალი და გუბედ გადაქცეული წყალსაცავი, 2022 წლის მარტი

რუს ოფიციალურ პირებს თითქმის აღარ დარჩათ ვარიანტი, თუ როგორ უნდა შეავსონ მეჟიგორიეს წყალსაცავი, ამბობს უკრაინელი ექსპერტი სერგეი გაპონი. მდინარე დნეპრიდან წყლის აღების მცდელობა ნიშნავს სატუმბი სადგურების მთელი ახალი კომპლექსის აშენებას. ასევე ნაკლებად სავარაუდო და ძვირია სიმფეროპოლის ტერიტორიაზე არსებული რეზერვუარებიდან წყლის არხებით გადაყვანაც.

"მაგალითად, ზაფხულში, თოვლის დნობის პერიოდში, რეზერვუარიდან გაშვებული წყლის გადასასროლად, საჭიროა უზარმაზარი ჰიდრავლიკური საინჟინრო კომპლექსი. აუცილებელია, გაზვიადების გარეშე, ყირიმის ნახევრის გათხრა. ამჟამინდელი სიმძლავრეები არ არის შექმნილი მდინარიდან წყლის სხვა რეზერვუარში გადასატანად. ამიტომ, ჩვენ ბევრი რამ ნულიდან უნდა ავაშენოთ", - ამბობს სერგეი გაპონი, გეოინფორმაციისა და მდგრადი განვითარების მსოფლიო მონაცემთა ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ამ ვითარებაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე მოსახლეობა მრავალი წელია სასმელი წყლის პრობლემას განიცდის.

ყირიმის სოციალური ქსელები და მედია აჭრელებულია საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიების განცხადებებით წყლის დროებითი გათიშვის, ქუჩებში მილებიდან წყლის ამოხეთქვისა და სასმელი წყლის შადრევნების წარმოქმნის შესახებ.

ზოგიერთ რეგიონში წყლის მიწოდება პერიოდულად შეზღუდულია, ზოგიერთ სოფელში კი მაგისტრალი გაგრძელდა, მაგრამ ხალხს მილების მიწოდების ფული უბრალოდ არ აქვს. ეს ხდება ყირიმის დედაქალაქის მახლობლად - საგარეუბნო სოფელ სტროგანოვკაში, ზოგიერთი მცხოვრები წყალს ასეთი ჟანგიანი ცისტერნიდან იღებს.

და ეს იმ ფონზე, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულს ახლა უფრო მეტი სასმელი წყალი ესაჭიროება, ვიდრე ოკუპაციამდე, 2014 წლამდე მოიხმარდა. ყირიმში, ასევე ქალაქებში ფეოდოსიასა და სევასტოპოლში, ერთიორად გაიზარდა წყლის მოხმარება დიდი რაოდენობით საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის გამო.

"თუ ავიღებთ სევასტოპოლს, რომლის მონაცემებიც დისტანციურად შევისწავლეთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა გაორმაგდა. და რის ხარჯზე? ეს არის სამხედრო კონტინგენტი. და აქ არის მარტივი პასუხი. თუ გინდათ, რომ მოსახლეობას წყალი ჰქონდეს, არ გამოკვებოთ სამხედრო კონტინგენტი. და მოსახლეობისთვის საკმარისი იქნება ადგილობრივი წყალი. იმიტომ, რომ თავად მოსახლეობა არასამხედრო ძალების ხარჯზე მინიმალურად გაიზარდა. ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც ჩამოვიდა და ახლა იქ აკეთებს მახინჯ ბიზნესს", - აცხადებს სერგეი გაპონი.

ასეა თუ ისე, რუსეთის ხელისუფლებას ნამდვილად სურს მდინარე დნეპრიდან მიიღოს წყალი ყირიმისთვის და მზად არის დიდ ხარჯებსაც არ მოერიდოს, - ამბობს ესკენდერ ბარიევი, ყირიმელი თათრების სახალხო მეჯლისის წევრი.

"რუსეთისთვის მნიშვნელოვანია კონტროლი ხერსონის მარცხენა სანაპიროზე"

რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი ახლა ინტენსიურად განიხილება მსოფლიოში. და არაერთი უცხოელი პოლიტიკოსი ამბობს, რუსეთის ფედერაციას ყირიმზე კონტროლის შენარჩუნების უფლება უნდა მიეცესო. მაგრამ რუსეთი არც სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს, სწორედ წყლის გამო სჭირდებათ ხერსონის რეგიონი, დარწმუნებულია ესკენდერ ბარიევი.

ესკენდერ ბარიევი, ყირიმელი თათრების სახალხო მეჯლისის წევრი
ესკენდერ ბარიევი, ყირიმელი თათრების სახალხო მეჯლისის წევრი

"რუსებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ, მაგალითად, მათი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპირო, რათა ყირიმი წყლით უზრუნველეყო. ახლა მხოლოდ წყალზე ვსაუბრობ, სხვა რამეზე არა. მაგრამ ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ამავე დროს, ისინი იმდენად შორს არ წავლენ, რომ მხოლოდ ყირიმზე შეინარჩუნონ კონტროლი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხერსონის რეგიონიც დაიტოვონ კონტროლის ქვეშ. მეორე მხრივ, უკრაინული მხარისთვის ფუნდამენტურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა ტერიტორია გათავისუფლდეს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ხაზს უსვამს ესკენდერ ბარიევი.

იმავდროულად, ყირიმის საოკუპაციო რეჟიმი დიდწილად მიწისქვეშა წყაროებიდან წყლის მიღებაზე აკეთებს გათვლას. მაგრამ მათში წყალი სულ უფრო და უფრო მცირდება და ტენიანობის ხარისხი უარესდება. ამასთან, უცნობია ზუსტი მონაცემები, თუ წყლის რამდენი ჭაბურღილია გათხრილი და რამდენი უკვე დაიხურა.

  • 2022 წლის ნოემბერში რუსეთის სამხედრო ნაწილებმა 10-თვიანი ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ქალაქი ხერსონი დატოვეს.
  • ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების მაშინდელმა სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ხერსონის ოლქში ჯარების მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაყვანა შესთავაზა.
  • ეს ნიშნავდა ქალაქ ხერსონის ჩაბარებას. შოიგუ დათანხმდა ამ წინადადებას და ჯარების დნეპრის მეორე მხარეზე გადაყვანის განკარგულება გასცა.
  • 2023 წლის აპრილში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის არმიამ განაგრძო წინსვლა ხერსონის ოლქში და, დიდი ალბათობით, ცალკეულმა ნაწილებმა ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს;
  • იმავე წლის ივნისში გავრცელდა ცნობა, ხერსონის ოლქში მდებარე უდიდესი კახოვკის ჰესის აფეთქების შესახებ, რაშიც კიევმა დაადანაშაულა რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელსაც სურდა, აღეკვეთა უკრაინის არმიის წინსვლა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე.
  • თავის მხრივ, მოსკოვმა ბრალი დასდო კიევს. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ კახოვკის ჰესის აფეთქებაში კიევის კიდევ ერთ სავარაუდო მიზნად დაასახელა ყირიმის მოსახლეობაზე შურისძიება. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის წყლით მომარაგება სწორედ კახოვკის ჰესზე იყო დამოკიდებული.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG