Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 2 ყოფილ ჩინოსანს ბრალი წარუდგინეს - საქმე ეხება მის პატიმრობას ენმ-ის დროს


ყოფილ ჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ცოტნე გამსახურდიას პატიმრობასთან დაკავშირებულ საქმეზე.
ყოფილ ჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ცოტნე გამსახურდიას პატიმრობასთან დაკავშირებულ საქმეზე.

პროკურატურა იუწყება, რომ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალი წარუდგინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და ამ დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს „უფლებამოსილების გადამეტების“ და „სამსახურებრივი სიყალბის“ გამო.

საქმე ეხება ცოტნე გამსახურდიას პატიმრობას „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობს პირობებში. გამსახურდია 2009 წელს დააკავეს „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით და 2010 წელს პატიმრობა მიუსაჯეს.

გამსახურდია ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, შემდგომ კი, გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

  • სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელსაც ბრალი წარუდგინეს, გაგა მკურნალიძეა;
  • სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი - გიორგი ბუთლიაშვილი.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიამ გაიგო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები პატიმრებს სცემდნენ და აწამებდნენ, რის გამოც მან შიმშილობა გამოაცხადა.

„იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია“, - წერს პროკურატურა.

„ვინაიდან გაგა მკურნალიძე უკმაყოფილო იყო გამსახურდიას ქმედებებით და მისი მცდელობით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, გადაწყვიტა მისი დასჯა“, - აცხადებს საგამოძიებო უწყება.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • 2010 წლის 7 ივნისს გაგა მკურნალიძემ გამსახურდიას კონტროლიორსა და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა „უკანონო დავალება“, - კონტროლიორს დაეწერა პატაკი, „თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე“;
  • თავდაპირველად კონტროლიორმა უარი თქვა, თუმცა „მკურნალიძის მუქარის შემდგომ“ დათანხმდა;
  • კონტროლიორს უნდა ეთქვა გამსახურდიასთვის, რომ „შვილი ჰყავდა ავად და ესაჭიროებოდა ძვირადღირებული მკურნალობა“, მაგრამ საამისო ფული არ მაქვსო, რათა, - პროკურატურის ვერსიით, - გამსახურდიას „მის მიმართ გასჩენოდა სიბრალულის გრძნობა და დახმარების მიზნით შეეთავაზებინა გარკვეული თანხა“;
  • „ეს ყოველივე ჩაიწერებოდა ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში და წარმოჩინდებოდა, როგორც ქრთამის შეთავაზება-მიცემის ფაქტი“, - აცხადებს პროკურატურა;
  • „ყალბი პატაკის საფუძველზე ... 2010 წლის 7 ივნისს დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები“, 8 ივნისს კი კამერადამონტაჟებული კონტროლიორი შეხვდა გამსახურდიას, ესაუბრა და „გამოართვა წერილები დედისთვის გადასაცემად“
  • ერთ-ერთ წერილში, მოკითხვასთან ერთად, გამსახურდია სთხოვდა დედას, „წერილის მომტანისთვის საჩუქრად გადაეცათ 500 ლარი, რაც კონტროლიორმა საბოლოოდ მსჯავრდებულის მეგობრის მეშვეობით მიიღო“.
  • პროკურატურა აცხადებს, რომ „გადაცემული თანხა არ წარმოადგენდა წინასწარ შეპირებულ ქრთამს და განპირობებული იყო „მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში“ მყოფი კონტროლიორის დახმარების სურვილით“, თუმცა „გამოძიებამ ქმედება შეფასდა, როგორც ქრთამის მიცემა“, რის გამოც გამსახურდიას ახალი ბრალი წარუდგინეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG