შვიდი წლის ბიჭი, რომელსაც, წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, როგორც ბავშვი ჰყვებოდა, დედამ და ბებიამ სცემეს, დაკბინეს და სასიმინდეში ჩაკეტეს, ახლა მამასთანაა. დედას და ბებიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. როგორც ბავშვის მამა და მეორე ბებია უყვებიან რადიო თავისუფლებას, ბიჭი ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს შიშისგან.
შვიდი წლის ბავშვის დედა და ბებია სამეგრელოში 25 აპრილს, გვიან ღამით, შსს-მ “ცხელ კვალზე” დააკავა.
მათ 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დედას და ბებიას ბრალი ედებათ ძალადობაში, იძულებასა და არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულში.
პოლიციამ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანს, სხეულზე, ძალადობის კვალი - „მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა”.
პროკურატურის განცხადებაში კი წერია, რომ დასჯილ ბავშვს აიძულებდნენ “არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი”.
რა მოხდა წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში?
ბავშვის ცემის ამბავი ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა და დაურთო ბიჭის ნაცემი და სავარაუდოდ, დაკბენილი სხეულის ფოტოებიც. ამ ფოტოებზე ჩანს სისხლჩაქცევების მსგავსი დაზიანებები - ბავშვი ამბობს, რომ მასზე დედამ და ბებიამ იძალადეს.
მამას (რომლის სახელს და გვარს არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ), რომელიც ბოლო წელია, პოლონეთში იყო სამუშაოდ წასული (ბიჭის მშობლები განქორწინებულები არიან) და რომელიც, მომხდარის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, არასრულწლოვანმა შვილმა უამბო, რომ დედამ და ბებიამ ის ჯერ დასაჯეს, შემდეგ კი სახლის უკან, სასიმინდეში ჩაკეტეს.
ბიჭის ბებია, მამის დედა, რომელიც ასევე ემიგრანტია იტალიაში, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბავშვის მშობლები ერთმანეთს ხუთი წლის წინ დაშორდნენ. ბიჭი დედასთან იზრდებოდა.
„ბავშვთან ურთიერთობა ბოლო დროს შეზღუდული მქონდა, ტელეფონზე ვერ ველაპარაკებოდი ხოლმე. როგორც შემეძლო, აქედან ვეხმარებოდი, თანხით თუ ამანათებით. მაგრამ რა ხდებოდა ოჯახში, თუ ბავშვზე ძალადობდნენ, წარმოდგენა არ მქონდა. თუ რამეს შევამჩნევდით, გვეუბნებოდნენ, რომ დაეცა ან რაღაც მოხვდა... ახლაც რომ არ გამოქცეულიყო, ვერაფერს გავიგებდით“.
ბიჭის ბებია გვიყვება, რომ ბავშვი სახლიდან გამოიქცა და მის დედასთან, ანუ დიდ ბებიასთან მივიდა, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს.
“დედაჩემს უთხრა, ჩამკეტეს, მცემეს და წყალს და პურს მაძლევდნენო. როგორც ჩანს, რამდენიმე დღე არც სკოლაში გაუშვიათ, რადგან ცემის კვალი ეტყობოდა. თვალიც დალურჯებული ჰქონდა… ბავშვი რომ დასისხლიანებული ნახა, დედაჩემს შეეშინდა, არაფერი დაემართოსო და სასწრაფოს გამოუძახა. სასწრაფოს პოლიციაც მოჰყვა და ყველაფერი ასე გაირკვა. ბავშვი ამბობს, ერთს ვეჭირე და მეორე მკბენდაო”, - უყვება ბავშვის ბებია რადიო თავისუფლებას.
მამა - შვილის მონათხრობზე დაყრდნობით გვიყვება, რა გახდა ბიჭის დასჯის მიზეზი. ამ ვერსიის თანახმად, სახლში მამალი ჰყავდათ, რომელიც იკბინებოდა - ბიჭმა მოსაგერიებლად მამალს ჯოხი დაარტყა. მამალი მოკვდა.
“ამას მოჰყოლია მთელი ამბავი. რამდენიმე დღე გარეთ არ უშვებდნენ და ჩაკეტილი ჰყავდათ და რაღაცნაირად გამოქცეულა. როგორც მე გავიგე, შეშინებული ბავშვი ჯერ სოფლის ცენტრში გაქცეულა, მერე თხილნარში დამალულა და ბოლოს ბებიაჩემის სახლისკენ გაქცეულა - სანამ პოლონეთში წავიდოდი, მე მიმყავდა ხოლმე იქ და ალბათ, გზა გაიხსენა”, - უყვება ბავშვის მამა რადიო თავისუფლებას.
ახლა, როგორც მამა გვეუბნება, ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს. თავიდან სულ კართან იდგა და ეშინოდა, დედა და ბებია არ მისულიყვნენო. მამა ამბობს, ბავშვი ნელ-ნელა შედარებით დამშვიდდა.
“ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას”, - ამბობს ის.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ბავშვის დაკავებული დედის და ბებიის ადვოკატს, იოსებ ჯანაშიას, რომელმაც გვითხრა, რომ სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისგან თანხმობა არ იქნება, ჟურნალისტებს ვერაფერს ეტყვის. თუმცა გვითხრა - არ არის სიმართლე, თითქოს მამლის გამო მოხდა ეს ამბავიო.
ადვოკატი ამბობს, რომ ბებია აღიარებს, რომ ბავშვი ცემა, დედა კი - არა.
სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გრძელდება.
ბოლო წლებში, ბავშვებზე ოჯახში ძალადობის არაერთი შემთხვევაა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა შემთხვევების მხოლოდ ნაწილს ასახავს.
როგორ გავწყვიტოთ ძალადობის ჯაჭვი?
საქართველოში ისევ პრობლემაა ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლენა და დროული და ეფექტიანი რეაგირება. სრულყოფილი სვასტიკის არარსებობის გამო, ზუსტად ისიც კი ვერ ირკვევა, ბავშვზე ძალადობის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა და რა მოჰყვა ამას.
საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად ცნეს 608 ბავშვი. მათგან 58 ბავშვი იყო 5 წლამდე, ხოლო 220 ბავშვი - 5-დან 10-წლამდე ასაკის.
ხშირად, ოჯახში ძალადობა განგრძობითია და მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში მომხდარი ამბის ყველა დეტალი ცნობილი არ არის, იმ ხილული დაზიანებებიდან გამომდინარე, რაც ბავშვს სხეულზე ეტყობა, შესაძლოა, ეს არ იყოს ძალადობის პირველი შემთხვევა.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ასეთი შემთხვევების გამოვლენა - ბავშვი, რომელიც ოჯახში ძალადობას განიცდის, ხშირად არ ან ვერ ლაპარაკობს. თუმცა, როგორც იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ამბობს, ამისთვის არის შექმნილი ძალადობის გამოვლენის არაერთი სტანდარტი - სახელმწიფო ბავშვს კი არ უნდა დაელოდოს, როდის ალაპარაკდება, არამედ, თავად ამოიცნოს საფრთხე:
„უნდა იყოს ჩართული სკოლა, სოცმუშაკი, ექიმები, ადგილობრივი თვითმმართველობა - მათ ევალებათ დააკვირდნენ ბავშვის ქცევას და თუ საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდებათ, მიმართონ პოლიციას ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს - ეს საჭიროა იმისთვის, რომ ძალადობის ჯაჭვი დროულად გაწყდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. და ვინც პასუხისმგებელია ამაზე, ის ან გულგრილად ეკიდება მსგავს ფაქტებს, ან საერთოდ არაფერი იცის იმ ნიშნებზეც კი, რომლებიც, შესაძლოა, მიუთითებდეს ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ამიტომ ხდება, რომ ასეთი ფაქტები, შემთხვევით, მედიის მიერ ან რაიმე სხვა გზით ხდება ცნობილი“, - უთხრა გოგა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
წლების განმავლობაში უცვლელი პრობლემაა ისიც, გვეუბნება გოგა, რომ საქართველოში თითქოს ნორმალიზებულია დასჯის მეთოდების, მათ შორის, ცემის და სხვა ტიპის ძალადობა აღზრდის დროს. მიუხედავად ბავშვთა უფლებების კოდექსის მკაფიო განმარტებისა, რომ მშობელს ეკრძალება ბავშვის ფიზიკური დასჯა და სასტიკი მოპყრობა.
ბოლო წლებში ოჯახში ბავშვებზე ძალადობის რამდენიმე შემთხვევაზე რადიო თავისუფლებაც წერდა:
- 2020 წელს გავრცელდა ცნობა თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ. მამამისს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა ბრალად - შსს წერდა, რომ ბრალდებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია „არასრულწლოვანის თვითმკვლელობა“.
- 2023 წელს რუსთავში, 9 წლის ბიჭის ცემის ამბავი გახმაურდა - სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ გამოკითხვაზე წაყვანილ ბავშვს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში „დააწერინეს, რომ წაიქცა“ და ის არავის უცემია. როგორც გაირკვა, ბავშვი მამინაცვლის მამამ სცემა და ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.
- 2019 წელს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და თვითონ სახლიდან წავიდა. მოკლული ბავშვი მამამ გამთენიისას იპოვა. პოლიციამ ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 16 წლის მ.შ. მალევე დააკავა და ბრალი წარუდგინა.
- 2019 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამ 4 წლის შვილი ცემით მოკლა.
და ეს გახმაურებული საქმეების მხოლოდ ნაწილია.
სახალხო დამცველი 2024 წლის ანგარიშში წერია, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოება და შესაბამისად, მონაცემებზე დამყარებული სურათის შეფასება, წლიდან-წლამდე უცვლელ გამოწვევად რჩება.
მას შემდეგ სტატისტიკა კიდევ უფრო ზოგადი გახდა და ამჟამად დადგენაც კი შეუძლებელია, ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და გაუპატიურების რამდენ შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
2024 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2172 ადამიანის მიმართ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლად ცნეს 608 ბავშვი, თუმცა ეს მონაცემი მხოლოდ იმ საქმეთა რაოდენობას აღწერს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
- რამდენი შემთხვევა გახდა ცნობილი პოლიციისთვის და რამდენზე დაიწყო გამოძიება - უცნობია.
- ვერ დგინდება, რამდენი შემაკავებელი ორდერი გამოიცა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ბავშვის დასაცავად.
- ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ საქმეების რაოდენობა, რომელზეც საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს სტატისტიკას.
2024 წელს, ბავშვებზე ძალადობის 155 შემთხვევაში გამოიცა გამამტყუნებელი განაჩენი, 19 შემთხვევაში კი დამცავი ორდერი.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს ოჯახში ძალადობის, უგულებელყოფის, ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით ბიოლოგიური ოჯახიდან 297 ბავშვი განცალკევდა.
როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვზე ძალადობენ?
ბავშვი ყოველთვის გაძლევს ნიშანს - გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა. თუ ის არის სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი, ეს მის ქცევასა და თვითგამოხატვაში აუცილებლად აისახება. და ასეთი ძალიან ბევრი ნიშანი არსებობს, რომლის ცოდნა და ამოცნობაც ევალება, მაგალითად, მასწავლებელს, სკოლას.
აი, ესაა ამ ნიშნების ნაწილი:
• ბავშვი არის განმარტოებული.
• არის ზედმეტად გაღიზიანებული.
• პატარა წინააღმდეგობაზე კარგავს კონტროლს ან ძლიერ ეშინია.
• ვერ ერთვება სასწავლო პროცესში.
• კონცენტრაციას ვერ ახდენს.
მაია ცირამუა ამბობს, რომ ამ (და სხვა) ნიშნების ქვეშ შესაძლებელია ძალიან რთული პრობლემა იდგეს და თუ ძალადობა ხდება ოჯახში, სკოლა უნდა იყოს ყურადღებით და მან შეამჩნიოს პირველმა.
„შესაძლოა, სამეგრელოში მომხდარი ამ ამბის ბევრი დეტალი არ ვიცით, თუმცა, ცემის გარდა, ამ ამბავში უფრო მძიმეა, თუ სიმართლეა, ბავშვის იზოლირების, გამოკეტვის ფაქტი. ამ ასაკის ბავშვს, ოთახში მარტო დარჩენის შიშიც კი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა ხდებოდა, რა გამოიარა. და კიდევ ერთი - მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას არა აქვს გამართლება, მნიშვნელოვანია წინაპირობების კვლევა - რა მოხდა. რადგან, როცა ბავშვის დედა ციხიდან გამოვა, დადგება მათი ინტეგრირების საკითხი და ის მზად უნდა იყოს ამისთვის, რომ ბავშვი იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს“.
თუმცა ახლა, შენიშნავს მაია ცირამუა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალადობა გამოვლილ ბავშვს დაუყოვნებლივ დაეხმაროს ფსიქოლოგი და ეს სახელმწიფომ უზრუნველყოს.