შსს-ს ცნობით, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, დედამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და თვითონ სახლიდან წავიდა. მოკლული ბავშვი მამამ გამთენიისას იპოვა. პოლიციამ ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 16 წლის მ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა და ბრალი წარუდგინა.
2002 წელს დაბადებულმა მ.შ-მ დანაშაული აღიარა.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
მ.შ-ს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბავშვის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის რა მოხდა - რა გახდა ამ მკვლელობის მიზეზი და რამ მიიყვანა 16 წლის გოგო დანაშაულის ჩადენამდე.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველები მოუწოდებენ მედიას განსაკუთრებულად ფრთხილად გააშუქონ ეს ამბავი.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი, ნატა ძველიშვილი წერს ფეისბუკზე, რადგან ბრალდებულიც არასრულწლოვანია, მომხდარი უნდა გაშუქდეს ბავშვთა საკითხების გაშუქების სტარდარტების, ასევე გენდერული საკითხებისა და პირადი ცხოვრების გაშუქების სტანდარტების დაცვით.
„ზოგადი რეკომენდაცია, ცხადია პრობლემის ჩვენებაა და არა ერთი ოჯახის ან დანაშაულის გაშუქება და განსჯა. ძალიან კომპლექსური საკითხია“, - წერს ნატა ძველიშვილი.
„16 წლისას თუ 1 წლამდე შვილი ჰყავდა, რამდენი წლის იყო როცა მასზე სექსუალურად იძალადეს, 14-ის? 16 წლამდე ნებისმიერი სექსუალური კავშირი არის სექსუალური ძალადობა, რადგან არ შეუძლია ბავშვს თანხმობის მიცემა. მედიას გთხოვთ, ძალიან ფრთხილად გააშუქოთ ეს ამბავი, ძალიან გთხოვთ!", - წერს ბავშვთა უფლებების დამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ანა არგანაშვილი.
„16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო“, - ეს სიტყვები კი კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას ეკუთვნის.
მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სავარაუდო მოტივაციის შესახებ. თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით დამატებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.