გამოძიების ვერსიით, ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს „შეკვეთით და ანგარებით“ მოკლეს.
ჯერჯერობით ბრალი წაყენებული აქვთ მათ, ვისაც გამოძიება მიიჩნევს „მკვლელად“ და „მკვლელობის ორგანიზატორად“, თუმცა არა - დამკვეთ(ებ)ს.
შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში
ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და შემდეგ ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ათობით მოწმე გამოჰკითხეს.
ორი მათგანი - ჯანგველაძის მამიდაშვილი და პირადი მცველი/მძღოლი - ამბობს, რომ 2024 წელს ჯანგველაძე და ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში შეხვდნენ ერთმანეთს.
ორივე მოწმის თანახმად, ეს იყო ჯანგველაძე-ფარცხალაძის მეორე შეხვედრა, რომელიც 2024 წელს გაიმართა. ზუსტი თარიღი არ დასახელებულა.
სამსახურის მთავარი შენობა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს, ვაკე-საბურთალოს გზაზე.
„ფინანსურ პოლიციაში წავედით. ლევანმა თქვა, ოთარ ფარცხალაძეს უნდა შევხვდეო. იქ დაახლოებით, ნახევარი საათი დარჩნენ“, - თქვა გია ჩადუნელმა 29 სექტემბერს სასამართლოზე.
მისი თქმით, ჯანგველაძე „გაკვირვებული იყო“ და „რადიკალურად განსხვავებულად“ მიიღო შეხვედრის შედეგები, ვიდრე პირველი შეხვედრისა.
„ლევანი იქიდან გაბრაზებული ჩამოვიდა“, - ასე დაახასიათა ბიძაშვილის იმდროინდელი ემოცია ბერძენიშვილმა. ჩვენება სასამართლოს მანაც 29 სექტემბერს მისცა.
ბერძენიშვილის თქმითვე, ეს შეხვედრა „სიგარეტისა და „კოკა-კოლის“ ბიზნესთან დაკავშირებით“ შედგა.
თქვა ისიც, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ჯანგველაძე „გაბრაზებული ახსენებდა ტელეფონზე ფარცხალაძეს“.
ჯერჯერობით უცნობია, ვისი თანდასწრებით შეხვდნენ „ფინანსურ პოლიციაში“ ფარცხალაძე და ჯანგველაძე.
„კომენტარს არ ვაკეთებთ“ - პრესცენტრი
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრს:
- მიმდინარე სასამართლო საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით;
- იმის გათვალისწინებით, რომ ჯანგველაძე-ფარცხალაძის შეხვედრა შესაძლოა საკვანძო იყოს მკვლელობის სავარაუდო მოტივის გამოკვეთის პროცესში;
- იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჩვენებები აჩენს კითხვებს, იყო თუ არა ეს შეხვედრა მოქცეული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში.
ჩვენ ორი კითხვა დავუსვით უწყებას:
- მართლაც გაიმართა თუ თუ არა მათთან ოთარ ფარცხალაძისა და ლევან ჯანგველაძის შეხვედრა?
- თუ კი, - როდის შედგა ეს შეხვედრა, კიდევ ვისი მონაწილეობით (მათ შორის სამსახურს ვინ წარმოადგენდა) და რა საკითხები იქნა განხილული შეხვედრაზე, რა უფლებამოსილების ფარგლებში?
„არ ვაკეთებთ კომენტარს“, - ასეთია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის პასუხი.
2024 წელს, - როდესაც, მოწმეთა თანახმად, შეხვედრა გაიმართა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო სოსო რამიშვილი.
მან 2025 წლის ორ აპრილს დატოვა პოსტი. 2025 წლის 24 ივნისს პოსტი გადაიბარა მიხეილ მაღლაკელიძემ, დაცვის პოლიციის ყოფილმა უფროსმა.
ოთარ ფარცხალაძე და „კავშირი FSB-სთან“
აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე (ამჟამად - ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი) არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი.
- ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია.
პროკურორობამდე ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა.
2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, მანამდე - უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი - ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
პროკურატურაშიც და ფინანსურ პოლიციაშიც მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო, - რომელიც მოგვიანებით თავად მუშაობდა მთავარ პროკურორად, 2024 წლამდე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. უწყების თანახმად, ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისთვის მოხვდა სიაში. კერძოდ:
- ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად;
- ალექსანდრ ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერი.
დოკუმენტის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძეს „სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად ჩადის ხოლმე რუსეთში“.
დოკუმენტში წერია, რომ ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად იყენებენ“.
დოკუმენტის თანახმადვე, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
სულ მცირე, 2024 წლიდან ოთარ ფარცხალაძემ გვარში „რომანოვი“ დაიმატა. როგორც მისმა კიდევ ერთმა მეგობარმა, მამუკა ფიფიამ უთხრა მედიას:
„ბატონმა ოთარმა გამოიძია თავისი ფესვები და მიაგნო თავის გვარს. გვარი შეიცვალა... რომანოვების დინასტიიდან ბრძანდება ბატონი ოთარი“...
მამუკა ფიფია არის პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, საგარეო მდივანი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.
ჯანგველაძის მკვლელობა - მოკლედ
- 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მოკლეს ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე – „კანონიერი ქურდის“, მერაბ „სოხუმსკის“ ძმა. მისი მძღოლი და ამავე დროს დაცვა გია ჩადუნელი დაჭრეს;
- სამ დღეში ჯანგველაძის მკვლელობისა და ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური.
- მოგვიანებით, მაისში მკვლელობის იარაღის „გასაღების“ ბრალდებით სანდრო წივწივაძე დააკავეს, აგვისტოში კიდევ სამი ადამიანი და ორზე ძებნა გამოაცხადეს; ბოლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვის წევრიც - მას ბრალად ადვოკატზე „მუქარა“ წაუყენეს.
- პასუხისგებაში მიცემულთა შორის არიან ძმები დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან;
- სასამართლო განხილვებისას ერთ-ერთმა დეტექტივმა, - „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, წყაროს გარეშე, - ასევე, მოკლულის მამიდაშვილმა, - ახსენეს ოთარ ფარცხალაძე და 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი.
- მკვლელობის შეკვეთის ბრალი ოფიციალურად ჯერ არავისთვის წაუყენებიათ;
- მკვლელობის შემდეგ, საქმის მიმდინარეობისას შეიცვალა საქმის პროკურორი; ასევე, შეიცვალა რამდენიმე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, რაც ოფიციალური განმარტებებისა და ასევე მედიაში გაჟღერებული სხვადასხვა ვერსიის თანახმად, საქმეს არ უკავშირდება, - თუმცა საქმეში პოლიტიკურ გავლენებზე ეჭვი რჩება.
ფორუმი