თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უკრაინულმა მხარემ FPV-დრონებით შეუტია რუსეთის ხუთ ოლქს. თავდაცვის უწყების ჩამონათვალშია ამურის ოლქიც, გარდა - ირკუტსკის, მურმანსკის, რიაზანისა და ივანოვის ოლქებისა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია თავიდან ვრცელდებოდა უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ივანოვის, რიაზანისა და ამურის ოლქებში შეტევა მოგერიებულ იქნა, ხოლო მურმანსკისა და ირკუტსკის ოლქებში - ცეცხლი გაუჩნდა “საავიაციო ტექნიკის რამდენიმე ერთეულს”.
„დრონები ააფრინეს ამ აეროდრომებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან“, „მსხვერპლი არ არის“, „ტერაქტის ზოგიერთი მონაწილე დაკავებულია“, - აღნიშნავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ინფორმაციით, რომელიც მანამდე უკრაინული უსაფრთხოების სამსახურზე [СБУ] დაყრდნობით გავრცელდა, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის პარკიდან დაზიანდა 41თვითმფრინავი, მათ შორის - А-50, ТU-95, და ТU-22 М3.
ინფორმაცია ჯერჯერობით კვლავ არ დადასტურებულა დამოუკიდებელი წყაროების მიერ, ხოლო გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია. თუმცა მურმანსკიდან, ირკუტსკიდან თუ სხვა ოლქებიდან გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს - როგორ მიფრინავენ დრონები და ისმის აფეთქების ხმაც. ერთი ასეთი ვიდეო მედიას, როგორც იუწყებიან, СБУ-მ მიაწოდა.
უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში [СБУ] წყაროები ადასტურებენ თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე ერთბაშად ოთხ აეროდრომზე: „ბელაია“ ["Белая"], „დიაგილევო“ ["Дягилево"] , ოლენია“ ["Оленья"] და „ივანოვო“ ["Иваново"].
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სპეცოპერაცია ჩატარდა სახელწოდებით - „ობობას ქსელი“, რომლის მომზადებასაც წელიწად-ნახევარი დასჭირდა. მას უშუალოდ გეგმავდა და ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი; სპეცოპერაციას აკონტროლებდა უშუალოდ პრეზიდენტი ზელენსკი.
“უნიანს” წყარომ СБУ-ში განუცხადა, რომლოგისტიკური თვალსაზრისით, ეს იყო უაღრესად რთული ოპერაცია: თავდაპირველად, უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე გაგზავნეს FPV-დრონები, შემდეგ - ხის მობილური პატარა სახლები; მოგვიანებით, დრონები დამალეს უკვე სატვირთო ავტომობილებზე განლაგებული ხის სახლების სახურავების ქვეშ; შემდეგ, საჭირო მომენტში, სახლებს სახურავები დისტანციურად გადახადეს და დრონებმაც იოლად შეძლეს ფრენა აეროდრომებისკენ.
ფორუმი