Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აკრძალა კასეტური ბომბები 100-ზე მეტმა ქვეყანამ და რატომ არ აკრძალეს დანარჩენებმა?


რუსეთ-საქართველოს ომი, ლიბანისა და ისრაელის დაპირისპირება, სამხედრო კამპანიები ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში. ყველა ამ კონფლიქტში იქნა გამოყენებული კასეტური ბომბები

- იარაღის განსაკუთრებით სახიფათო სახეობა, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს არა მარტო გამოყენების მომენტში, არამედ მერეც. კასეტური ბომბი ჰაერშივე ფეთქდება და ასობით პატარა ბომბად იშლება. ამ მინი-ბომბების ნაწილი კი მაშინვე კი არა, შესაძლოა, წლების შემდეგ აფეთქდეს - ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრაგიკული შედეგებით. ეს რომ აღარ მოხდეს, 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს კასეტური ბომბების გამოყენებას.

107 ქვეყნის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს ოსლოში მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს კასეტური ბომბების დამზადებას, შენახვასა და გამოყენებას. 1965 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში 100 000-მდე ადამიანია დაღუპული, ან დასახიჩრებული ამ იარაღის გამოყენების შედეგად. მსხვერპლის 98 პროცენტს შეადგენენ სამოქალაქო პირები...

ცერემონიაზე ოსლოში პირველი ხელმომწერი იყო შეკრების მასპინძელი ნორვეგია: [სტოლტენბერგის ხმა] “ვამაყობთ, რომ ნორვეგიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ოსლოს პროცესში, მაგრამ კიდევ უფრო ვამაყობთ პარტნიორობით თქვენთან, ყველასთან! ამის გაკეთება მარტო ერთად შეგვეძლო და ერთად მართლაც შეგვწევს ძალა, შევცვალოთ ვითარება. ჩვენ ვკრძალავთ კასეტურ იარაღს!”

ეს სიტყვები ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა წარმოთქვა ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე. ნორვეგიის შემდეგ, დოკუმენტს ხელი მოაწერა ლაოსმა - კასეტური ბომბებით მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალებულმა ქვეყანამ. მას მოჰყვნენ საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, იაპონია, კანადა, ავსტრალია...

მაგრამ დოკუმენტზე ხელმომწერების შთამბეჭდავი რაოდენობის, ხელშეკრულების ეფექტიანობა საეჭვო რჩება - ხელი არ მოუწერიათ კასეტური ბომბების უდიდეს მწარმოებლებსა და გამომყენებლებს: შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთს, ისრაელს, ინდოეთსა და პაკისტანს. აკრძალვას არ მიერთებია არც საქართველო, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ რუსეთთან აგვისტოს ომში გამოიყენა კასეტური იარაღი.

რატომ არ უერთდება საქართველო ოსლოს ხელშეკრულებას? ამ შეკითხვით მივმართეთ ქართველ ექსპერტს, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს: [ირაკლი ალადაშვილის ხმა: იხ. აუდიოვერსია]

ლონდონში დაფუძნებული კასეტური იარაღის კოალიციაში, რომელიც კასეტურ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე მთელს მსოფლიოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, ფიქრობენ, რომ ოსლოს ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელმოწერაზე კასეტური იარაღის წამყვანი მწარმოებლებისა და გამომყენებლების უარის მიუხედავად. კოალიციის კოორდინატორ, თომას ნეშის განცხადებით: [თომას ნეშის ხმა] “ამ აკრძალვაზე ბევრი ქვეყნის ხელმოწერით იქმნება მძლავრი სტიგმა და ის შეზღუდავს შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთსა და სხვებს - იმისდა მიუხედავად, ხელს მოაწერენ თუ არა კასეტური ბომბების აკრძალვას”.

აშშ-ს რაც შეეხება, გამოთქვამენ იმედს, რომ პოზიცია შეიძლება შეიცვალოს პრეზიდენტად ბარაკ ობამას ინაუგურაციის შემდეგ. ობამამ 2006 წელს სენატში გამართულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა კასეტური ბომბების გამოყენების აკრძალვას კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. მაგრამ ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა უმრავლესობის მიერ უარყოფის გამო.
XS
SM
MD
LG