მან სრულად გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანე გიგლემიანი და რაჯი პაკელიანი საქმის განხილვას საპატიმროში დაელოდებიან.
„არა“... „არაფერი“... „არაფერს“ – 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსამართლე მზია გარშაულიშვილის კითხვებს - „რამის თქმა ხომ არ გსურთ? რაიმეს ხომ არ დაამატებთ?“ - ბრალდებულები ასე პასუხობდნენ.
სხდომაზე მათ მხოლოდ საკუთარი ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, ოჯახური მდგომარეობა და სამუშაო ადგილი დაადასტურეს.
რაც შეეხება 11 მაისს, გამთენიისას, „რატის ბარში“ მომხდარ მკვლელობას, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
ბრალდების არსი
36 წლის ივანე გიგლემიანს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება. ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით. დანაშაული ისჯება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.
45 წლის რაჯი პაკელიანს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა (სსკ-ის 376-ე მუხლი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.
„2025 წლის 11 მაისს, დაახლოებით 05:30 წუთზე, ბარათაშვილის 2-ში, „რატის ბარში“, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ალეკო შაკიაშვილი მოძრაობის დროს შეგეხოთ და თქვენ სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განიზრახეთ მოგეკლათ ალექსანდრე შაკიაშვილი.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თქვენ მას მოჰკიდეთ ხელი, შეიყვანეთ ბარის უკან სივრცეში არსებულ ოთახში და განზრახ მოკვლის მიზნით, მჭრელი საგნით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენეთ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. მიყენებული დაზიანებების შედეგად ალექსანდრე შაკიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თქვენ შემთხვევის ადგილიდან მიიმალეთ“, - წაუკითხა ბრალი მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ივანე გიგლემიანს, რომელმაც თავის დაქნევით დაადასტურა, რომ ბრალის არსი გაიგო.
რაჯი პაკელიანის ბრალიდ დადგენილებაში, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, წერია:
„თქვენ იმყოფებოდით ბარში ივანე გიგლემიანთან ერთად. დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ, ივანე გიგლემიანი მოვიდა მაგიდასთან, სადაც თქვენ იჯექით და გითხრათ მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ თქვენ ივანე გიგლემიანთან ერთად წახვედით შემთხვევის ადგილიდან“.
საქმის მასალების თანახმად, პოლიციამ ივანე გიგლემიანი 11 მაისს, მომხდარიდან რამდენიმე საათში, საღამოს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდგორში, საკუთარ აგარაკზე, რაჯი პაკელიანი კი თბილისში, სახლში დააკავა.
რას ამბობენ ადვოკატები?
ივანე გიგლემიანის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე სასამართლო სხდომაზე მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა:
„ეს არის ტრაგედია, მაგრამ მომხდარის სამართლებრივი შეფასება და არა მორალურ რაღაც-რაღაცებზე საუბარი, ეს არის ჩვენი, პროფესიონალების ვალი. მე მლანძღეს, ჯვარზეც მაცვეს, მაგრამ დაცვა ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავთ.
ამიტომ ბრალდების მხარეს და მათ შორის, ტელევიზიებს ვთხოვ, ნუ პროვოცირებენ და ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ, საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში, ისედაც მომხდარ ტრაგედიაზე კიდევ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ, დანარჩენთან დაკავშირებით არსებით განხილვაზე ვისაუბრებ“.
მოსამართლე: „აღკვეთთან [იგულისხმება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება - რ.თ.] დაკავშირებით პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ“.
ადვოკატი: „აღკვეთს არ ვეთანხმებით, ბატონო მოსამართლე“.
გიორგი ბარდაველიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ივანე გიგლემიანი დუმილის უფლებას იყენებს და არ საუბრობს არც ბრალისა და არც მტკიცებულებების შესახებ:
„შემდგომი ეტაპებისთვის, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში, პასუხი გაეცემა იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს. მე არ ვუსწრებ მოვლენებს. ის მტკიცებულებები, რომლებიც საქმეშია, აბსოლუტურად სცდება მათ სამართლებრივ ფორმულირებას, მაგრამ რაკი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, ვერც ადვოკატი დააფიქსირებს პოზიციას“, - ამბობს გიორგი ბარდაველიძე.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რაჯი პაკელიანს, მისთვის გირაოს ითხოვდა ადვოკატი ლევან სეფიაშვილი.
მისი მტკიცებით, გარდა ერთი მოწმის, ბარის მფლობელის გამოკითხვის ოქმისა, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა მკვლელობის შესახებ „რატის ბარში“.
„არცერთი პირი, მათ შორის, ბარის მენეჯერი, მიმტანი, დაცვის თანამშრომლები, არცერთ მოწმესთან კითხვაც კი არ არის დასმული პაკელიანთან დაკავშირებით. მაგალითად, იცოდა თუ არა პაკელიანმა აღნიშნულის შესახებ. ერთადერთი, რომელიც ამბობს, რომ რაჯი პაკელიანმა ეს იცოდა, არის „რატის ბარის“ მესაკუთრე...
ჩვენ პაკელიანს თუ ვედავებით იმას, რომ მან ეს [მკვლელობის შესახებ] იცოდა და მას უნდა შეეტყობინებინა [პოლიციისთვის], იქ ბარში იმყოფებოდა ათეულობით თანამშრომელი, მაშინ თითოეულს უნდა დაერეკა 112-ში... რაჯი პაკელიანი მივიდა საცხოვრებელ სახლში. ის ასევე თავად გაყვა პოლიციას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“, - ამბობს ლევან სეფიაშვილი.
რას ამბობს პროკურორი?
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, პროკურორი გია შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანე გიგლემიანს ბრალი დაუმძიმდეს. არც იმას გამორიცხავს, რომ გაფართოვდეს დამნაშავეთა წრეც.
გია შაიშმელაშვილი საქმის მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ივანე გიგლემიანმა, ყოველგვარი მოტივის გარეშე მიაყენა 18 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები:
„18 წლის ბიჭმა გვერდით ჩავლისას უბრალოდ მხარი გაჰკრა, მხოლოდ ამ მიზეზით შეიყვანა ოთახში და დანით, სხეულზე მიაყენა დაზიანებები. ამის შემდეგ დაჭრილი მიატოვა, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან. მეორე ბრალდებულს, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
დაჭრილი ბიჭი იქ მყოფმა სხვა ადამიანებმა ამოიყვანეს ბარიდან, გამოიყვანეს გარეთ, ჰაერზე, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, მაგრამ ჭრილობები ისეთი განლაგებით არის მიყენებული, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - თქვა გია შაიშმელაშვილმა.
მკვლელობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევი ივანე გიგლემიანი
36 წლის ივანე გიგლემიანი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი.
13 მაისს, პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ ივანე გიგლემიანი მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული და ციხე 2017 წელს დატოვა.
ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ მოხვდა საპატიმროში - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან 2023 წელს დატოვა.
12 მაისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა დოდო მაისაძის პოსტი, რომელიც წერს, რომ ივანე გიგლემიანმა, წლების წინ მისი შვილი, 18 წლის ბიჭი მოკლა: „ჩემი შვილის მკვლელობამდე ბარმენი დაჭრა, მერე მე მომიკლა შვილი, მიუსაჯეს 26 წელი, შეეხო ამნისტია და გამოვიდა... ახლა ბიჭს ყელი გამოჭრა“...
რადიო თავისუფლება დეტალების გასარკვევად დოდო მაისაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მასთან კომუნიკაცია, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
პროკურორი გია შაიშმელაშვილი გვეუბნება, რომ ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული პერსონალური მონაცემია და ამის თაობაზე ინტერვიუს დროს საუბარი მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია: ამაზე „ვსაუბრობ მხოლოდ სასამართლოს დარბაზში“, - გვითხრა მან.
რაც შეეხება ივანე გიგლემიანის ადვოკატს, გიორგი ბარდაველიძეს, ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ივანე გიგლემიანი საპატიმროში 2007 წელს მოხვდა და საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ დატოვა. მისი მტკიცებით, მას ამნისტია არ შეხებია:
„აქ საუბარია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს, სასჯელის დანიშვნისას მოქმედებდა შეკრებითობის პრინციპი. ეს პრინციპი შემდგომ შთანთქმის პრინციპით შეიცვალა. აქ ამნისტიაზე არ არის ლაპარაკი. შთანთქმის პრინციპის ამოქმედების შემდეგ, თუკი ბრალდებულის მდგომარეობას აუმჯობესებს კანონი, ამ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს განაჩენის კორექტირება.
ვიმეორებ, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულს ამნისტია შეეხო. როდესაც შეკრებითობის პრინციპი გაუქმდა, მოხდა სასჯელის შემსუბუქება და ასე მოხდა მისი სასჯელის 10 წლამდე დაყვანა“, - ამბობს გიორგი ბარდაველიძე.
ივანე გიგლემიანს 2017 წელს ამნისტია შეეხო თუ „სისხლის სამართლის კოდექსში“ 2013 წელს შესული ცვლილება, სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შესახებ, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხის მოძიება რადიო თავისუფლებამ, ამ მომენტისთვის სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პერონალური მონაცემის დაცვის გამო ვერ მოახერხა.
2013 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შეიცვალა უფრო მკაცრი სასჯელის მიერ უფრო მსუბუქი სასჯელის შთანთქმის პრინციპით. შეკრებითობის პრინციპის გაუქმება არ ნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს, რომელთა სასჯელები ამ პრინციპით იყო დათვლილი, პატიმრობის წლები ავტომატურად ჩამოაკლდებოდათ. თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად უნდა მიემართა სასამართლოსთვის და საქმის გადახედვა მოეთხოვა.
რაც შეეხება 2017 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამნისტიით გათავისუფლებულ პირებს, სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის თანახმად (სტატისტიკის ეროვნული სამსახური), 2017 წელს ამნისტიის საფუძველზე საპატიმრო სულ ოთხმა მსჯავრებულმა დატოვა. ოთხივე პირი სრულწლოვანი კაცი იყო.
„რატის ბარში“ 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 2025 წლის 3 ივლისს დაიწყება.
ფორუმი