Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე საქმე


ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს,რომ თუ ხელისუფლებას სახის შენარჩუნება უნდა, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. მისი თქმით, ეს საქმე არც უნდა დაწყებულიყო, ან დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო:

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. რომელიც დაიწყო წელიწად-ნახევარია ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხარო რეალობაა, რომ ქართული პროკურატურა არის ჯიბის პროკურატურა, ისე როგორც სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ ეღირსა სამართალი ზოგადად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი მედიასთან განაცხადა, რომ მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ საქმის წარმოება შეწყდება:

„საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ დღეს ჩვენ აქ მოვსულიყავით. ცხადია, რომ ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება და პროკურატურა გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც პასუხისმგებლიანმა პროკურატურამ უნდა გადადგას და შეწყვეტს ამ საქმის წარმოებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. იგი ამბობს, რომ საზოგადოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრებები, ხოლო ამ ნიშნით დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ.

10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 აპრილამდე გადაიდო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ავთანდილ წერეთელი სამკურნალოდ იმყოფება ავსტრიაში.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

გასული წლის 22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. ავთანდილ წერეთელს 500-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

XS
SM
MD
LG