გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით ისევ იყო შეტევა როგორც უკრაინაზე, ისე რუსეთზე. მხარეთა მიერ 12 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, რუსეთზე შეტევა უფრო მასშტაბური იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 221 უკრაინული დრონი: 85 - ბრიანსკის ოლქში, 42 - სმოლენსკში, 28 - ლენინგრადის ოლქში, 18 - კალუგაში, 14 - ნოვგოროდის ოლქში, 9-9 - მოსკოვის რეგიონსა და ორიოლის ოლქში, 7 - ბელგოროდის ოლქში, 3-3 - როსტოვის და ტვერის ოლქებში და 1-1 - ფსკოვის, ტულის და კურსკის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
ამასთან, მაგალითად, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო 30-ზე მეტი დრონის განადგურების შესახებ იუწყებოდა და არა 28-ის, როგორც ეს თავდაცვის სამინისტრომ თქვა. დროზდენკომ დაადასტურა, რომ შეტევის შედეგად ხანძრები გაჩნდა პრიმორსკის პორტში მყოფ ერთ-ერთ გემზე და საქაჩ სადგურზე.
ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტში განთავსებულია რუსეთის ნავთობკომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალები, სადაც მაგისტრალური ნავთობსადენებიდან იღებენ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, ინახავენ და ტანკერებზე ტვირთავენ შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებთან ერთად სამიზნედ აქვს გამოცხადებული ის ობიექტები, რომლებიც ჩართული არიან რუსული არმიის მომარაგებაში, მათ შორის საწვავით.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის გარდა, რომელიმე მსგავს ობიექტზე დარტყმის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს რუსეთის სხვა რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებას.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, დრონის აფეთქების შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი. დაზიანდა სახლები. ქალაქ ბელგოროდში მესამე დღეა დაკეტილია დიდი სავაჭრო ცენტრები. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე სახლი დაზიანდა. ერთი კერძო სახლის დაზიანების შესახებ იუწყებოდა როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლუსარი.
უკრაინული დრონებით შეტევის გამო რუსეთში დროებით დაკეტილი იყო კალუგის, ივანოვოს, ფსკოვის, იაროსლავლის და პეტერბურგის აეროპორტები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 12 სექტემბერს, დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 40 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 33 ჩამოაგდეს ან გააუვნებლეს.
სარდლობამ დაადასტურა დრონებით პირდაპირი დარტყმა სამ ადგილზე, თუმცა კონკრეტული რაიონები არ დაუსახელებია.
ფორუმი