უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის 5 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ამ ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, შეტევა მიმდინარეობს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში. იერიში ხორციელდება ანექსირებული ყირიმიდანაც.
რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად კიევში დაზიანებულია 3 საცხოვრებელი სახლი.
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გმობს რუსეთის "არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ" თავდასხმას უკრაინაზე და გამოდის პირობით, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს პასუხს აგებინებენ.
ბაიდენი ამბობს, რომ ხუთშაბათს, დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ის ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს. მოსალოდნელია, რომ გამოცხადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი რაუნდი.