Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიიდან - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე


ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. აგენტების კანონზე და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო "არადემოკრატიული კანონპროექტები".
ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. აგენტების კანონზე და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო "არადემოკრატიული კანონპროექტები".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯოშუა ჰაკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიიდან, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.

ამის შესახებ მან ილაპარაკა კონგრესში, სადაც 23 ივლისს გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით.

ჰაკმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. აგენტების კანონზე და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო "არადემოკრატიული კანონპროექტები", რითაც სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება მოახდინა, ასევე დეზინფორმაცია და რიტორიკული თავდასხმები დაიწყო იმ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ.

“უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მიიღო, ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ასლია, კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად შეიქმნა", - თქვა მან.

ჯოშუა ჰაკის თქმით, 2024 წელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისა და დემოკრატიული პროგრესისთვის.

"ჩვენ ავუხსენით ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და აღვნიშნეთ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესის ელექტრონულად წარმართვას. მხარი დავუჭირეთ საქართველოს თხოვნას, ეუთოს მისია დააკვირდეს არჩევნებს და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ... ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. ასევე ყურადღებით უნდა ვიყოთ საფრთხეების მიმართ, რომლებიც მოდის რუსეთიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%", - აცხადებს ჯოშუა ჰაკი.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო. თბილისში ამ დღესაც გაიმართა აქცია კანონის გასაპროტესტებლად. პოლიციამ „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა, მათ შორის ძალის გადამეტებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG