ადამიანის უფლებათა დამცველები და თავად ხანგოშვილების ოჯახი მიიჩნევენ, რომ მათთვის საქართველოში ყოფნა სახიფათოა. ძმის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ხანგოშვილმაც განაცხადა, რომ შეიძლება ის მკვლელების შემდეგი სამიზნე გახდეს.
ბერლინი - თბილისი
22 ოქტომბრის დილით ადრე, ხანგოშვილების ოჯახმა საბოლოოდ დაკარგა დაცვის იმედი. გერმანიის პოლიცია ვიუნსდორფში, ზურაბ ხანგოშვილისა და მისი ოჯახის ბინაში შევარდა. ყველას ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, ავტობუსში ჩასვეს და ბერლინის აეროპორტში წაიყვანეს. პოლიციამ ხანგოშვილის სხვა ნათესავებსაც მიაკითხა. რამდენიმე საათის შემდეგ, ხანგოშვილების ოჯახის 12 წევრი ქართული ავიაკომპანიის Georgian Airways-ის ჩარტერული რეისით თბილისში გაფრინდა. თვითმფრინავში გერმანიიდან დეპორტირებული 48 მგზავრი იჯდა.
დეპორტაციის შესახებ პირველებს ევროპაში დაფუძნებული ჩეჩნური ეროვნული მოძრაობის „გაერთიანებული ძალის“ წარმომადგენლებს აცნობეს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ჯამბულატ სულეიმანოვის თქმით, ზურაბ ხანგოშვილის შვილმა მოძრაობის პრესმდივანს დაურეკა და გააგებინა, რომ მათ ქვეყნიდან აძევებდნენ.
„მან ჩამოთვალა რამდენი იყვნენ. თქვა, რომ აი, ახლა აეროპორტში ვართ და ჩვენს მშობლებსა და ნათესავებს დეპორტაციას უკეთებენო“, - უყვება სულეიმანოვი „ეხო კავკაზას“.
ზურაბის დამ, ზიტა ხანგოშვილმა, „კავკაზ.რეალიის“ კორესპონდენტთან საუბარში თქვა, რომ ვერ იგებს დეპორტაციის მიზეზებს.
„ვეღარავის ვეღარ ვენდობი. ისინი აქ თავშესაფარს, უსაფრთხოებას ეძებდნენ“, - თქვა მან.
ზურაბ ხანგოშვილი დაახლოებით სამი წლის წინ გადავიდა გერმანიაში შვედეთიდან, ეშინოდა, რომ მოკლავდნენ. ერთი წლის წინ რუსეთმა ტყვეების გაცვლისას ვადიმ კრასიკოვი, ზურაბის ძმის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი დაიბრუნა.
2019 წლის 23 აგვისტოს, ვადიმ კრასიკოვმა ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე და ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი "ეფესბეს" სპეციალური დანაყოფის „ალფას“ პოლკოვნიკია.
გამოცემა „ტოჩკასთან“ ინტერვიუში ხანგოშვილის ქვრივი, მანანა (რაისა) ციატიევა ამბობს:
„ჩემი ქმრის მკვლელის პუტინისთვის გადაცემა კრემლის სხვა მტრების სიკვდილით დასჯას ნიშნავს“.
მან ისიც დაამატა, რომ ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ მომხდარი პოლიტიკური მკვლელობები დაუსჯელი რჩება:
„და რუსეთის ფარგლებს გარეთ, სხვა ქვეყნებში ჩადენილი მრავალი წინა მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის [პუტინისთვის] და მისი დანაშაულებისთვის საზღვრები არ არსებობს. იმავეს მეუბნებოდნენ აგენტები, რომლებიც ჩემი ქმრის, ზელიმხანის მკვლელობის შესახებ მაფრთხილებდნენ. მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდით, სადაც პირველად სცადეს მისი მოკვლა, და მას შემდეგაც, რაც გერმანიაში გადავედით. ზუსტად ასე მითხრეს: „არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ეს დევნა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ეს არის ნადირობა ბოლომდე. მანამდე, სანამ არ მიიღებენ იმას, რაც სურთ - თქვენს გვამს“.
თბილისში თავდასხმის შემდეგ
გერმანული გამოცემა „ბილდის“ ცნობით, ოჯახს უარი უთხრეს საერთაშორისო თავშესაფარზე. პოტსდამის სასამართლომ მათი დეპორტაცია 2024 წელს ძალაში დატოვა და გადაწყვეტილება მარტივად ახსნა: საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ ითვლება. 2023 წელს გერმანიამ საქართველო და მოლდოვა მართლაც შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, თუმცა 2025 წლის მარტში ბერლინის სასამართლომ საქართველო თავშესაფრის მიღების საქმეებში უსაფრთხო ქვეყნად აღარ მიიჩნია.
ხანგოშვილების ოჯახისთვის საფრთხე აშკარა იყო ჯერ კიდევ 2015 წელს. თბილისის ცენტრში უცნობმა ზელიმხანს რამდენჯერმე ესროლა. ის დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. ოჯახის ახლო მეგობრისა და მოძრაობა „გაერთიანებული ძალების“ წევრის, საიხან მუზაევის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მკვლელობის მცდელობა სათანადოდ არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა.
„როდესაც ოპერაციის შემდეგ ვესაუბრეთ, მან თქვა, რომ დაინახა ეს კაცი და შეეძლო მისი ამოცნობა. ის აღწერდა მას. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მტკიცებულებები, რომ სათანადო გამოძიება მაინც ჩატარებულიყო. მაგრამ ეს არ მოხდა - პირიქით, საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს. მკვლელს უბრალოდ მიმალვის საშუალება მისცეს, ყველა კვალი დაიფარა, მტკიცებულებები წაიშალა. ყველა ვიდეო, ყველა ფოტო წაიშალა. მოკლედ მიჩქმალეს ეს საქმე. სამწუხაროდ, ეს ადამიანები დღეს ხელმძღვანელობენ“, - იხსენებს მუზაევი.
ადამიანის უფლებათა დამცველები საქართველოში ადასტურებენ, რომ პროკურატურამ სწრაფად შეაფერხა ძირითადი მტკიცებულებების შეგროვება. გამოძიებაც სხვა მუხლებით წარმართა - სხეულის მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება.
ზელიმხან ხანგოშვილი ამბობდა, რომ ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის გამო, ის რუსეთის სადაზვერვო სამსახურს აინტერესებდათ. ეს დადასტურდა მისი თანამებრძოლების დემონსტრაციული მკვლელობებით. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ხანგოშვილი სპეციალური დაცვით და ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.
ახლა, მუზაევის თქმით, ოჯახი „მაღალი საფრთხის ზონაშია“. ზელიმხანზე თავდასხმები კი პირდაპირ გავლენას ახდენს მის ძმაზე, ზურაბ ხანგოშვილზე. ზელიმხანის მკვლელობის შემდეგ, მან თქვა, რომ შემდეგი თავად იქნებოდა.
„მე ვესაუბრე ოჯახის უფროსს, ზურაბს. ისინი დაბნეულები, გაოგნებულები არიან. არც კი იციან, რა ქნან. რადგან ნათელია, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს საქართველოში...“ - ამბობს ოჯახის მეგობარი საიხან მუზაევი.
„უსაფრთხო ქვეყანა“?
გერმანიიდან დეპორტირებულთა რაოდენობით საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში გერმანიიდან საქართველოში 1300-ზე მეტი ადამიანი გამოაძევეს. 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე გერმანიამ სულ - 17600-ზე მეტ ადამიანს გაუკეთა დეპორტაცია, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. გერმანიის ხელისუფლება ამას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის „პირველ წარმატებად“ მიიჩნევს. თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილებები არ ითვალისწინებს ადამიანების სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეებს.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე Deutsche Welle-ს კორესპონდენტმა ხელისუფლებას ხანგოშვილების ოჯახის დეპორტაციის შესახებ ჰკითხა: „დარწმუნებულია თუ არა გერმანიის ხელისუფლება, რომ ამ კაცს საქართველოში საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის იმის გამოც, რომ მისი მოკლული ძმის მსგავსად, ის ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა?“
პასუხად, ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ფედერალური მიწების იურისდიქციის კომპეტენციაა. ბრანდენბურგის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხანგოშვილები ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააძევა და ხაზგასმით თქვა: „ვაძევებთ მხოლოდ მათ, ვისაც არ აქვთ გერმანიაში ცხოვრების უფლება“.
რუსი ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლაში არიან ჩართულნი, მიიჩნევენ, რომ გერმანია უგულებელყოფს ხანგოშვილის მიმართ არსებულ საფრთხეს საქართველოში, სადაც, მათი აზრით, „პრორუსული რეჟიმი“ მოქმედებს.
2024 წლის 1 აგვისტოს, ცივი ომის შემდეგ პატიმრების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა მოხდა რუსეთსა და რამდენიმე დასავლურ ქვეყანას შორის. გერმანიამ რუსეთში დააბრუნა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი, რუსული ციხეებიდან კი გამოუშვეს 16 პოლიტპატიმარი, მათ შორის, პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურად გააძევეს საქართველოში და არა რუსეთში, თბილისის ამჟამინდელი პროპუტინისტური რეჟიმის პირობებში, მათი სიცოცხლისთვის საფრთხე აშკარაა. დასავლური დემოკრატიები, ფაქტობრივად, კრემლის პოლიტიკური რეპრესიების თანამონაწილეები ხდებიან. ეს პრაქტიკა ჩემთვის მიუღებელია და მოვუწოდებ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ის“, - დაწერა ვლადიმირ კარა-მურზამ თავის ფეისბუკის გვერდზე.
საიხან მუზაევი ამბობს, რომ ვადიმ კრასიკოვის გაცვლის შემდეგ, ვლადიმირ კარა-მურზამ ხანგოშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაში დახმარება აღუთქვა. თუმცა, მისი თქმით, უცნობია, გააკეთა თუ არა მან რამე ამისთვის. „გაერთიანებული ძალების“ მოძრაობის თავმჯდომარე ჯამბულატ სულეიმანოვი დასძენს, რომ გაცვლის შემდეგ კარა-მურზა ხანგოშვილების ოჯახს არც კი შეხვედრია.
„ჩვენ შევთავაზეთ, ოჯახთან დაკავშირებაში დახმარებაც აღვუთქვით. მან თავაზიანად იუარა და თქვა, რომ ამას საჯაროდ ვერ გააკეთებდა. <...> მივხვდით, იმის ეშინოდა, რომ მას [ზელიმხანს] ტერორისტის იარლიყი ჰქონდა მიკერებული. სინამდვილეში, ის გმირია, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, იბრძოდა ოკუპანტების წინააღმდეგ. <...> მაგრამ ის [კარა-მურზა] ოჯახს არ ესტუმრა“.
ადამიანის უფლებათა ცენტრ “მემორიალის”თანათავმჯდომარე ოლეგ ორლოვი იმ 16 პოლიტპატიმარს შორისაა, რომლებიც გაცვალეს. კარა-მურზას მსგავსად, ისიც საქართველოში არსებულ ვითარებას სახიფათოდ მიიჩნევს.
„ეს ოჯახი დააბრუნეს ქვეყანაში, რომელიც გამჭვირვალეა იმ ძალებისთვის, რომლებმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. საქართველოში, სადაც ამჟამად ხელისუფლებაში დე-ფაქტო პრორუსული რეჟიმია. და, რა თქმა უნდა, ისინი იქ გაცილებით ნაკლებად უსაფრთხო პირობებში იმყოფებიან. ევროპის საიმიგრაციო სამსახურები ამბობენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა... ჩვენ ეს [მიდგომა] არაერთხელ გვინახავს, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ზოგიერთი ჩეჩენი რუსეთში დააბრუნეს. ისინი ამბობენ: „მერე, რა, იქ უსაფრთხოა; ჩეჩნეთში ცხოვრება ხომ არ არის აუცილებელი?“ მათ სრულიად არ უნდათ გაითვალისწინონ რეალური საფრთხე“, - წერს ორლოვი Эхо FM -ზე.
აბუბაქარ იანგულბაევს, ჩეჩენ ადამიანის უფლებათა დამცველს და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ყოფილ იურისტს, მიაჩნია, რომ საქართველოში ყოფნა საშიშია. 2022 წელს მან თავად დატოვა ეს ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით. მანამდე კი ჟურნალისტებს მოუყვა, როგორ ატყობინებდნენ, რომ უთვალთვალებდნენ საჯარო სივრცეში, თბილისში.
იანგულბაევის საქმე - ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის ოჯახის გახმაურებული კრიმინალური და პოლიტიკური დევნაა. მოსამართლის ვაჟები, აბუბაქარ და იბრაგიმ იანგულბაევები აკრიტიკებდნენ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს და საჯაროდ ლაპარაკობდნენ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამის გამო ისინი იძულებული გახდნენ, ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. მათზე ძებნაა გამოცხადებული. 2022 წლის იანვარში მათი დედა, ზარემა მუსაევა, ნიჟნი ნოვგოროდიდან გროზნოში იძულებით გადაიყვანეს და 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ მას შვილების გამო დევნიან. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა საჯაროდ უწოდა იანგულბაევების ოჯახს „ხალხის მტრები“ და მისი წევრები ექსტრემისტებთან კავშირში დაადანაშაულა.
„როდესაც საქართველოში ჩამოვედი, გავიფიქრე, რა მაგარი ქვეყანაა, აი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩეჩნეთი, დამოუკიდებლობა რომ ჰქონოდა. მაგრამ როცა ჩაუღრმავდები, მიხვდები, რომ ასე მარტივადაც არ არის საქმე; ხელისუფლება პრორუსულია. არ მინდოდა [საქართველოდან] წასვლა... მაგრამ იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტებიც კი დაჟინებით მოითხოვდნენ ჩემ წასვლას. რადგან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ წვდომა, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. მეორე ფაქტორია კადიროვის პირადი თანამოაზრეები, რომლებსაც შეუძლიათ მოვიდნენ, დროშები აფრიალონ და პროვოკაციები მოაწყონ. და ეს ორი ფაქტორი საფრთხეს ქმნიდა“, - უთხრა მან „ეხო კავკაზას“.
იანგულბაევი აკრიტიკებს ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებიც კანონის ფორმალური გაგებით შემოიფარგლნენ:
„საქმე ისაა, რომ დაწერილის გარდა, გამოსაყენებელია სინდისი და პირადი პერსპექტივა; უნდა იყოს გათვალისწინებული ფაქტები, რომლებიც იცვლება. მათ შეეძლოთ კონტექსტი გაეთვალისწინებინათ და ხანგოშვილების ოჯახი ქვეყნიდან არ გაეძევებინათ“.
გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნითაც აკრიტიკებენ. „მწვანეთა პარტიის“ წევრმა რობინ ვაგნერმა ფედერალური მთავრობის დეპორტაციის პოლიტიკას „ცივი და ცინიკური“ უწოდა და აღნიშნა:
„რუსეთის რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობა ოჯახის პოლიტიკური დევნის დასტურია. ამგვარად, მთავრობა პუტინის ყველა ოპონენტს საბედისწერო სიგნალს უგზავნის: გერმანიაზე დაყრდნობა არ შეიძლება“.
„ეხო კავკაზა“ ზურაბ ხანგოშვილს დაუკავშირდა, თუმცა მისი თხოვნით, ინტერვიუ არ ქვეყნდება.
რომ არა ყურადღება, „შეეძლოთ მოსკოვში გადაეყვანათ“
ჩეჩენი საზოგადო მოღვაწე ჯამბულატ სულეიმანოვის თქმით, რომ არა საერთაშორისო ყურადღება და მყისიერი რეაგირება, შეეძლოთ ხანგოშვილების ოჯახი „ჩუმად პირდაპირ აეროპორტიდან მოსკოვში გადაეყვანათ“.
„ჩვენ ხომ ვიცით, რომ დღეს საქართველოში რეჟიმი პრორუსულია. ვხედავთ, იქ რა ხდება. ერთი წელია ქართველი ხალხი პროტესტს გამოთქვამს. ამ სიტუაციაში, იმის თქმა, რომ ხანგოშვილების ოჯახი [საქართველოში] უსაფრთხოდ იქნება, სისულელეა. ახლა ისინი [ხელისუფლება] შესაძლოა, სიტუაციის დამშვიდებას დაელოდონ. შემდეგ კი, თუ ჩვენ არ გავწევთ ძალისხმევას ამის თავიდან ასაცილებლად, მათ შეუძლიათ ჩუმად გადასცენ ისინი [რუსეთს]“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა (ექსტრადიცია) აკრძალულია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. თუმცა საქართველოსა და რუსეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და არ არსებობს ეფექტური ორმხრივი ექსტრადიციის ხელშეკრულება. ეს კიდევ უფრო ამცირებს ექსტრადიციის შესაძლებლობას.
სხვაგვარადაა, როცა საქმე რუსეთის მოქალაქეების ეხებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემებით, 2017 წლიდან 2022 წლამდე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნების თითქმის 90% დააკმაყოფილა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა გაზარდა ზეწოლა ოპოზიციის წარმომადგენლებზე საზღვარგარეთ. „Collective Action Brussels Think Tank“-ის (CABT) და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ОВД-Инфо-ს, Vyvozhuk-ისა და Cedar-ის ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების ტრანსნაციონალური დევნის შემთხვევები 4-8 ჯერ გაიზარდა. 2014 წლიდან 2025 წლამდე ასეთი 118 შემთხვევაა აღნუსხული, აქედან 45 საქართველოში.
ტრანსნაციონალური რეპრესიები (TNR) - სტრატეგია, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ თავიანთი ოპონენტების საკუთარი საზღვრების მიღმა დევნისთვის. ის გულისხმობს კონტროლისა და დაშინების ქსელის შექმნას საზღვარგარეთ - ზუსტად იქ, სადაც ადამიანები ეძებენ დაცვას და თავშესაფარს.
რეპრესიის ძირითადი ფორმებია: ქვეყანაში შესვლაზე უარი, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები, დეპორტაციები და ექსტრადიციები. ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი მეთოდები - მოწამვლა, გატაცება და უკან, რუსეთში შეტყუება.
CABT-ის ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები:
- „2023 წელი: ჟურნალისტი მოწამლეს სასტუმროს ნომერში, თბილისში. ეს განიხილება, როგორც მკვლელობის მცდელობა.
- 2023 წელი: აქტივისტი გაუჩინარდა და მოგვიანებით იპოვეს დაკავებული სამხრეთ ოსეთში. ეს განიხილება, როგორც გატაცება“.
ეს ჩანაწერები, სავარაუდოდ, შემდეგ ამ ამბებს ეხება: 2023 წელს, „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა თბილისში ყოფნისას შესაძლო მოწამვლის სიმპტომების ქონაზე განაცხადა. ის არ გამორიცხავს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობას. მეორე შემთხვევა - აქტივისტ რაფაილ შეპელევის გატაცებაა. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ეფესბეს თანამშრომლებმა ის საქართველოს ტერიტორიიდან გაიტყუეს. ხელისუფლება, სულ მცირე, ინფორმირებული იყო ინციდენტის შესახებ, რაც შეკითხვებს ბადებს მათი მონაწილეობის შესახებ.
საქართველოში დაკარგულმა აქტივისტმა, თავისი დაკავების დეტალები ეკატერინბურგის სასამართლოში გაიხსენა.
ახლა დეპორტაცია ემუქრება რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, ნიკოლაი ბელიკოვსკის, რომელმაც 2016 წელს პოლიტიკური მიზეზების გამო დატოვა რუსეთი. ახლახან თბილისის სასამართლომ მას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის. მოსამართლემ მას ქვეყნიდან დეპორტაციისა და ორი წლით უკან დაბრუნების აკრძალვის განაჩენი გამოუტანა.
2025 წლიდან საქართველომ გაამარტივა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უცხოელების დეპორტაციის პროცედურა, რაც „არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის“ გამკაცრებით ახსნა.
ბელიკოვსკი რამდენიმე წელი ცხოვრობდა საქართველოში და ღიად აკრიტიკებდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მას სამშობლოში სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება. თუმცა საქართველოს მიგრაციის სამსახური ვერ ხედავს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და აცხადებს, რომ „ადამიანის უფლებები რუსეთში არ ირღვევა“.
ადამიანის უფლებათა დამცველები აღნიშნავენ, რომ „არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის“ საბაბით, საქართველოში სულ უფრო ხშირად ირღვევა საერთაშორისო ნორმები, რომლებიც კრძალავს ლტოლვილების დეპორტაციას ან დაბრუნებას იმ ქვეყნებში, სადაც მათ სიცოცხლეს ან თავისუფლებას შეიძლება საფრთხე შეექმნას.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფორუმი