ნოდარ ჯაფარიძისა და საბა ზაკალაშვილის ადვოკატი: მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს ზოგად მითითებებს, არ ასახელებს დროს, ინდივიდუალურ სიტუაციას, ვინ გააკეთა კანონიერი მოთხოვნა, რაში გამოიხატა არ დამორჩილება და ა.შ.
მოსამართლეს მიმართავს ნოდარ ჯაფარიძე: 30 ნოემბერს, გამთენიას, მე რუსთაველის გამზირი დავტოვე და მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ მეუღლის ნაჩუქარი საათი დავკარგე, ჩემთვის ძვირფასი ნივთი, მივბრუნდი საათის მოსაძებნად.
მოსამართლე მას ეკითხება: რატომ გადაწყვიტე წასვლა? მოწოდების გამო?
- არა, დავიღალე, მოწოდება არ გამიგია. რომ დავბრუნდი იმ ტერიტორიაზე და დავიწყე ჩემი საათის ძებნა, უცებ დავინახე, რომ საპოლიციო ძალები ყველა ჩასასვლელი და გასასვლელიდან მოდიოდნენ, დავტოვე გზის სავალი ნაწილი და გადავედი ტროტუარზე. თან ვხედავდი, რომ ხდებოდა ანგარიშსწორება დემონსტრანტების მხრიდან, მაშინვე მეც გადავწყვიტე გავცლოდი იქაურობას. მე მყავს 3 წლის ბავშვი, მე ვარ მისი ძირითადი მეურვე და ნამდვილად არ დავიწყებდი იქ წინააღმდეგობის გაწევას. უკნიდან ვიგრძენი მოქაჩვა, დამაგდეს ძირს, დავწიე თავი, ორმა სამართალდამცავმა მომკიდა ხელი და გამათრიეს, რაც კადრებშიც ჩანს. ეს ტელეფონი დღემდე არ დაუბრუნებიათ ჩემთვის.
სამწუხარო რეალობაში გავიღვიძეთ, ბატონო მოსამართლე, მხოლოდ იმიტომ აკავებენ ამ ადამიანს შსს-ს წარმომადგენლები, რომ ისინი აქციებზე დგანან. ორად არის გაყოფილი ქვეყანა - მეორე მხარეს დგანან სამართალდამცავები, გადაღლილები ეკიპირებით, გამწარებულები და ვინც ხელში ხვდებათ, ყველას აკავებენ. ის ადამიანი, რომელიც მოწმედ მოვა აქ, რომელსაც არც კი დაუკავებია ბატონი ზურაბი, რომელსაც უბრალოდ მიუყვანეს ის უკვე დაკავებული, მოვა აქ და ილაპარაკებს ტყუილებს. მე მაქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი. - ამბობს ზურაბ გუგულაშვილის ადვოკატი.
შსს-ს წარმომადგენელი კითხვას უსვამს ნოდარ ჯაფარიძეს: გაიგეთ თუ არა მოწოდება, ხმოვანი სიგნალი, რომ დაგეტოვებინათ ტერიტორია? არ მოგხვედრიათ წყლის ჭავლი?
- არა, არ შეუსხიათ პირადად ჩემთვის წყალი და სპრეი.
მოსამართლე: მაგალითად, დაინახეთ პიროტექნიკის გამოყენება, მაგალითად, ქვის სროლა და ა.შ? ან მაგალითად, წყლის ჭავლის გამოშვება... ან ჭიჭინაძის ქუჩიდან?
- მე არ დავსველებულვარ. მე რაც მეხება, იმას ვამბობ.
მოსამართლე: გმადლობთ, დაბრძანდით.
სასამართლოზე შსს-ს წარმომადგენელ ყველა პირს, რომლებიც 30 ნოემბერს დააკავეს, ერთი და იმავე კითხვას უსვამს. ის ინტერესდება, როდის მივიდნენ ისინი აქციაზე, გაიგეს თუ არა ხმოვანი მოწოდება, რა დისტანციაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებთან?
შსს-წარმომადგენელი: რას აკეთებდით აქციაზე?
საბა ზაკალაშვილი: ხაჭაპურს ვჭამდი.
შსს-ს წარმომადგენელი: ეს პასუხი ნორმალურია?
საბა ზაკალაშვილი: მკითხეთ, რას აკეთებდითო.
შსს-წარმომადგენელი: დავიწყოთ იქიდან, როდესაც იწყება ხმოვანი მოწოდებები 29 ნოემბრის ღამის 11-ის ნახევრიდან, არ გახსოვთ როგორი იყო დისტანცია თქვენსა და სამართალდამცავებს შორის?
საბა ზაკალაშვილი: ხან შორს ვიყავი, ხან ახლოს.
შსს-წარმომადგენელი: გახსოვთ ის მომენტი, სანამ დაგაკავებდნენ?
საბა ზაკალაშვილი: კი. აღგიწერთ. მე ვიყავი რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოგვაქცია სპეცრაზმმა ალყაში და დაგვაკავეს, სამწუხაროდ, მოხდა ასეთი რამ.
მოსამართლე: მანქანიდან მოწოდება გაიგეთ?
საბა ზაკალაშვილი: რა თქმა უნდა, გავიგე და არ დავემორჩილე.
ზურაბ გუგულაშვილი: 9 აპრილის მონაწილე ვარ, განცდა მქონდა, რომ იქ ბავშვები განსაცდელში იყვნენ, ამიტომ დავბრუნდი აქციაზე.
ადვოკატი: რაში გამოიხატა, რომ აქცია იყო ძალადობრივი?
შსს-ს წარმომადგენელი: ეს უმჯობესია ჰკითხოთ ოქმის შემდგენლებს. აქციას ნამდვილად არ ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი.
ადვოკატი: სამართალდამცავებს შეეძლოთ გადაეღოთ სავარაუდო სამართალდარღვევის და დაკავების ფაქტი სამხრე კამერებით. რატომ არ მოხდა ამის გადაღება?
შსს-ს წარმომადგენელი: ოქმის შემდგენია კრიმინალური პოლიცია და ის არ არის აღჭურვილი სამხრე კამერებით.
ადვოკატი: მობილურით.
შსს-ს წარმომადგენელი: ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ ვიდეომტკიცებულება წარმოგვედგინა, მაგრამ ვერ დავავალდებულებთ პოლიციას, რომ გადაიღონ ეს კადრები, თუმცა კარგი იქნებოდა.
ადვოკატი: გაქვთ თუ არა მტკიცებულება ამ საქმეში, სადაც დასტურდება, რომ განხორციელდა კანონიერი მოწოდება.
შსს-ს წარმომადგენელი: ვიდეომტკიცებულება ამ საქმეში არ დევს.
ბესიკ ჭუმბურიძის საქმის მოწმეა 23 წლის გიგი ჩიტიძე, შსს-ს წარმომადგენელი, დებს ფიცს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს:
- დემონსტრანტები ისროდნენ ქვებს. იყო ხმოვანი მოწოდებები, რომ ისინი დაშლილიყვნენ, და არ დაიშალნენ. ბესიკ ჭუმბურიძე იყო აგრესიული და ვთხოვეთ განსაკუთრებული დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომ ის დაეპატიმრებინათ.
მოსამართლე: თუ ხდებოდა მოწოდებები, რომ ბატონ ბესიკს დაეტოვებინა ტერიტორია?
გიგი ჩიტიძე: ხმოვან მოწოდებებს გაიგებდა.
ადვოკატი: ვინ მიიღო აქციის დაშლის გადაწყვეტილება.
გიგი ჩიტიძე: უშუალოდ ჩემთვის არავის მოუცია... ძალიან ბევრი პოლიციელი დაზიანდა, დაიწვა, პოლიციელები იწვებოდნენ, ცეცხლი ეკიდათ.
ადვოკატი: ეს მტკიცებულებები ამ საქმეში არ დევს.
გიგი ჩიტიძე: სამი პოლიციელი ვხედავდით ბესიკ ჭუმბურიძეს, რომ იყო აგრესიული და მივუთითეთ გდდ-ს თანამშრომლებს, რომ ის დაეკავებინათ, რადგან ჩვენ არ გვქონდა სპეციალური აღჭურვილობა.
ფორუმი