Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

20:00 5.12.2024

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ავთო ქისიშვილის მიმართ ხულიგნობის მუხლით სამართალწარმოება შეწყვიტა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 5-დღიანი პატიმრობაში გაუშვა.

ავთო ქისიშვილიც ამბობს, რომ პოლიციამ სცემა. ის რესპუბლიკის მოედანზე 4 დეკემბერს გამთენიას დააკავეს.

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა შექმნილი განწყობა და დაკავებულს მოსთხოვა ეჩვენებინა კადრები, სადაც სპეცრაზმელები ძალადობდნენ.

ადვოკატის თქმით, იკვეთება ტენდენცია, თუ დაკავებულები უარს იტყვიან და მოინანიებენ, მოსამართლე მინიმალურ სახდელს აკისრებს მას, ან სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება.

"თუმცა იყო შემთხვევებიც, რომ ასე შეუთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ მაინც დააპატიმრეს ან დააჯარიმეს, მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება", - ამბობს ქობესაშვილი.

12:28 6.12.2024

საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნიკა გვარამიას პროცესი, რომელსაც მოსამართლე კობა ჩაგუნავა უძღვება. ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, რომ ადვოკატებს არ შეატყობინეს. მოსამართლემ მათ გარეშე გახსნა სხდომა, რომელიც მას შემდეგ შეწყდა, რაც ადვოკატი თავად გვარამიამ მოითხოვა.

ერთსაათიანი შესვენების შემდეგ პროცესი განახლდა.

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი

12:49 6.12.2024

ნიკა გვარამიას ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ, რათა შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს. დიტო საძაგლიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას ადვოკატთანაც კი არ დაარეკვინეს, როცა იზოლატორიდან სასამართლოში გადაჰყავდათ, ამასთან, ამ დრომდე არ იცოდნენ, ზუსტად რა სამართალდარღვევას ედავება მას შსს, მოსაძიებელი აქვთ ვიდეომტკიცებულებებიც.

შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეოს, რომელიც "რუსთავი 2-ის" გადაღებულია, არ ენდობა არც ნიკა გვარამია. ის მოითხოვს მიეცეს შესაძლებლობა, მოიკვლიოს სხვა ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიც და წარმოადგინოს პროცესზე. გვარამია ამბობს, რომ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის დაკითხვასაც მოითხოვს, რადგან აინტერესებს ვიდეოკადრის რაკურსი.

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი

შსს ნიკა გვარამიას ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. "მე ხელი მოვაწერე ოქმს და დავწერე, არ ვეთანხმები.

მე მივედი ჩემი პარტიის ოფისში, სადაც ჩხრეკა მიდიოდა და როგორც იურისტმა, მოვითხოვე ჩხრეკის პროცესზე დასწრება. არ ვიცი, რა სამართლებრივი არგუმენტით არ მომეცა ამის უფლება. რაც შეეხება გინებას, პოლიციელები მაგინებდნენ, გვჭირდება ვიდეოები, სადაც ყველა რაკურსი გამოჩნდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე ქუჩურ გინებას ვიგებ, პოლიციისგან მივდივარ და გენინსპექციის "ცხელ ხაზზე" ვრეკავ, ასე არაა, ქუჩურად მექცევიან, ქუჩურად ვპასუხობ" .

ნიკა გვარამიას ადვოკატებმა თქვეს, რომ სამართალდარღვევის ოქმი დღეს შედგა. აქამდე მათთვის უცნობი იყო, ზუსტად რას ედავებოდნენ გვარამიას. შსს-მ პასუხად თქვა, რომ ოქმი მხარეს არ მოუთხოვია და ამიტომ არ გადასცეს, რაც დიტო საძაგლიშვილისთვის სასაცილო არგუმენტია. "დღეს გამოწერეთ ოქმი, დღეს, დანაშაულს ჩადიხართ, იტყუებით", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

12:58 6.12.2024

კობა ჩაგუნავამ პროცესის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ დაცვის მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა საქმის მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად: "გაუგებარია სასამართლოსთვის, თავად თქვით, რომ რამდენიმე ტელევიზია იღებდა და დაკავების გარემოება იცოდით. ერთ-ერთი ტელევიზიიდან ამოღებული კადრები წარმოდგენილია მტკიცებულებად. ორი დღეა თითქმის გასული, სულ მცირე, 20 საათია გასული, მხარემ იცოდა რა მოლოდინია, რაზე დააკავეს და რა ფაქტობრივი გარემოებებია. დაცვის მხარის მხრიდან მოქმედება არ არის, გონივრული მოლოდინი არ ჰქონიათ, არ ჰქონიათ მცდელობა რაიმეს გამოთხოვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა", - თქვა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

სასამართლო პროცესი
სასამართლო პროცესი

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG