Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატი ასადზე: რუსეთი მეგობრებს არ ღალატობს


ფოტო არქივიდან. ბაშარ ასადი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი სირიაში, მართლმადიდებლურ ტაძარში. 2020 წლის 7 იანვარი
ფოტო არქივიდან. ბაშარ ასადი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი სირიაში, მართლმადიდებლურ ტაძარში. 2020 წლის 7 იანვარი

სირიიდან გაქცეული ბაშარ ასადის და მისი ოჯახის მოსკოვში ყოფნა დაადასტურა რუსმა დიპლომატმა მიხაილ ულიანოვმა, რომელიც რუსეთის მუდმივი წარმომადგენელია ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში(გაეროს სააგენტოები და სამმართველოები).

ულიანოვი რუსეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ასადი მოსკოვშია.

რუსმა დიპლომატმა დღეს, 9 დეკემბერს, ტელეგრამზე დაწერა, რომ ბაშარ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან. ულიანოვის თანახმად, „რუსეთი მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს და ეს არის განსხვავება რუსეთს და აშშ-ს შორის“.

8 დეკემბერს დღისით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ასადის რეჟიმი დაემხო და მან ქვეყანა დატოვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ასადმა „შეიარაღებული კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემის მითითებით ქვეყანა დატოვა“. ასადის მოკავშირე რუსეთის მტკიცებით, ის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს, სად გაემგზავრა ასადი. 8 დეკემბერს ღამით, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს „კრემლის წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელებინეს ცნობა, რომ ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და რუსეთმა, „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე", თავშესაფარი მისცა.

სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.

ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამია"(HTS). ეს დაჯგუფება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

„ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა" ბოლო წლებში კავშირი გაწყვიტა „ალ-ყაიდასთან" და ცდილობდა თავი წარმოეჩინა სირიის მთავრობის პრაგმატულ ალტერნატივად.

სირიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები.

ოპოზიციური გაერთიანებების გარდა, შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთნენ მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული „ალ-ყაიდა" და „ისლამური სახელმწიფო" და მათი მხარდამჭერი დაჯგუფებები.

13-წლიანი ომის შედეგად დაღუპულია 500 000-მდე ადამიანი, მათ შორის 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ათასობით დაიღუპა ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

ომის დაწყებამდე სირიის მოსახლეობა 16,5 მილიონი იყო. 6,5 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ გაიქცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG