Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იპოვეს დიპ სტეიტი? გაიგეთ, სადაა გლობალური ომის პარტია“? - ამაღლობელი პოლიციელის პატაკზე


ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დღეს მხოლოდ ერთ საკითხზე დაუსვა კითხვა პროკურორებს: „იპოვეს გლობალური ომის პარტია?“
ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დღეს მხოლოდ ერთ საკითხზე დაუსვა კითხვა პროკურორებს: „იპოვეს გლობალური ომის პარტია?“

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს დამოუკიდებელი გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვას - საზოგადოების ნაწილის მოლოდინი არ გამართლდა და განაჩენი დღეს არ გამოცხადებულა. შემდეგი სხდომა 4 აგვისტოს დაინიშნა.

სხდომა მზია ამაღლობელის თხოვნით გადაიდო. „სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს“, - თქვა მან.

„მომზადებისთვის არა - იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა“, - რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, თქვა მზია ამაღლობელმა პარასკევს, პირველი აგვისტოს სხდომის დასასრულს.

ამის შემდეგ კი მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა ბრალდების მხარეს, პროკურორ თორნიკე გოგეშვილს:

„ბატონო პროკურორო, რა ბედი ეწია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას [რომელმაც პატაკში დაწერა, თითქოს ამაღლობელმა დავალებით გააწნა სილა პოლიციელს]? რა განვითარება ჰპოვა მისმა პატაკმა? მართალია, სასამართლო მოწმეების ჩამონათვალიდან ამოიღეთ ჩიტაია, მაგრამ ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა?“, - მიმართა მზია ამაღლობელმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს.

„მართლა მაინტერესებს, რა დადგინდა... რა ვიცი, იპოვეს თუ არა „დიპ სტეიტი“, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც კობახიძე საუბრობს და მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, ამაზე პასუხად პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა უთხრა, რომ „დანიშნულია ექსპერტიზა“.

  • „ქართული ოცნება“ სამ წელიწადზე მეტია, ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“ (რასაც მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) და რომელსაც უკავშირებს მისდამი ყველანაირ კრიტიკას ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან თუ თბილისიდან.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:
  • „უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
  • მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძეს ამ და სხვა განცხადებების გამო სასამართლოში უჩივლა - ის სასამართლოსგან ამ განცხადების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფას ითხოვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG