Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიამ დაარტყა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუსიტების ობიექტებს


საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის იერიში სანაზე, ჰუსიტების საყრდენ პუნქტზე. 4 ოქტომბერი, 2024 წელი
საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის იერიში სანაზე, ჰუსიტების საყრდენ პუნქტზე. 4 ოქტომბერი, 2024 წელი

სააგენტო Reuters-მა აშშ-ის სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 21 დეკემბერს საჰაერო იერიში მიიტანეს იემენის დედაქალაქ სანაზე. ამ ცნობით, იერიშის სამიზნე იყო იემენი მეამბოხეების - ჰუსიტების - სარაკეტო საწყობი და სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი.

აშშ-ის ცენტრალურმა სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმები მიზნად ისახავს "ჰუსიტების იმ ოპერაციების ჩაშლას და დასუსტებას, როგორიცაა თავდასხმები აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო გემებსა და სავაჭრო გემებზე სამხრეთ წითელ ზღვაში, ბაბ ალ-მანდებსა და ადენის ყურეში".

არმიის თანახმად, მან ზუსტი წერტილოვანი დარტყმა განახორციელა სანაზე. მანამდე საჰაერო თავდასხმების შესახებ იტყობინებოდა იემენის ჰუსიტების ტელევიზია AL MASIRAH TV-ი.

ჰუსიტებმა, რომლებსაც ეხმარება და ზურგს უმაგრებს ირანის ისლამური რესპუბლიკა, მანამდე რაკეტა ესროლეს თელ-ავივს. ისრაელის არმიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვერ მოახერხა გადაეტაცა რაკეტა, რომელიც ჰუსიტებმა ისროლეს. შედეგად რაკეტა თელ-ავივში, იაფის რაიონში ჩავარდა, დაშავდა 16 ადამიანი.

Reuters-ის ცნობით, ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი. თვითონ ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ იაფაში ბალისტიკური რაკეტა ესროლეს „სამხედრო სამიზნეს“.

ორი დღით ადრე, ისრაელმა იერიში მიიტანა იემენის ნავსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იმ არეალებში, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG