„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ვერ ამბობს, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან. დღეს, 8 აპრილს, სწორედ ამ ადგილზე იკრიბებიან 2024 წელს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახის წევრები.
„ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს ხელოვნურად გამოიწვევს ქუჩაში დაძაბულობას და პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს გმირებს პატივი მივაგოთ, იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს... მე წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პარტიულ აქტივს...
თუ იქ პროვოკაციების მცდელობა იქნება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება, ვინაიდან ეს ჩვენი გმირებისვე შეურაცხყოფა იქნება და ამ შეურაცხყოფის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იდგებიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“, - თქვა ლევან მაჭავარიანმა.
ყოველ წელს, 9 აპრილს, ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით ამკობენ. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში დაარბიეს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. დარბევის დროს დაიღუპა 17 ადამიანი, მოგვიანებით დაღუპულების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
უკვე ოთხ თვეზე მეტია, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რაც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საქართველოში პროევროპული აქციები იმართება. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
ამ ოთხ თვეში ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ათობით კი - სისხლის სამართლის წესით. ამ დროის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.
ფორუმი