„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“, - წერენ მედიასაშუალებები სამინისტროზე დაყრდნობით.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაკავშირებას „ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრთან (თინათინ რუხაძესთან), მის მოადგილესთან (ბექა დავითულიანთან) და პრესსამსახურთან - ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო - მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ 5 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში" სტუმრობის დროს თქვა, რომ გაფიცულებთან დაკავშირებით „რეაგირებები უთუოდ იქნებოდა“:
„თუ გაფიცულები არიან, მაშინ ეს არის სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო ხელფასი... სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია, წამი - წამში, წუთი - წუთში ყველაფერი აწყობილი აქვს სახელმწიფოს და მაშინ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც აბსოლუტურ ლეგიტიმურ კითხვებს სვამენ: 4-5 თვე სპექტაკლს არ გამართავ (ოღონდ არის ასეთი ერთეულები), შენ საკუთარ ინტერესებს აყოლებ ორგანიზაციებს და ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება“.
პროევროპული აქციების პირველივე დღეებში პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ ბინაში დააკავა. თეატრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ვადა 21 იანვრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 23 იანვარს რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გავიდოდა რეგიონებში და ყველასთან მივიდოდნენ. მანიფესტი წარდგა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის წინაშე.
ფორუმი