Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა „სააღდგომო ზავის“ შემდეგ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით განახლებულ შეტევას


რუსეთის ჯარების ავიადარტყმით გამოწვეული ნგრევა უკრაინის ხერსონის ოლქში. 2025 წლის 21 აპრილი
რუსეთის ჯარების ავიადარტყმით გამოწვეული ნგრევა უკრაინის ხერსონის ოლქში. 2025 წლის 21 აპრილი

მსხვერპლი მოჰყვა პუტინის „სააღდგომო ზავის“ ამოწურვის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე განახლებულ სარაკეტო და დრონებით შეტევას.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 21 აპრილს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის ორი საათიდან რუსეთის ჯარებმა ანექსირებული ყირიმიდან ხერსონის ოლქს შეუტიეს ფრთოსანი რაკეტა „ონიქსით“, ხოლო შავი ზღვის აკვატორიიდან რადიოლოკაციური სისტემის საწინააღმდეგო ორი რაკეტით (Х-31П).

საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 96 ე.წ. დამრტყმელი და იმიტატორი უპილოტო საფრენი აპარატიც.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 42 ე.წ. დამრტყმელი დრონი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 47 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

ხერსონის საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით, დასახლებულ პუნქტ ბელოზერკიზე დრონებით შეტევის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა. მანამდე, გამთენიისას საოლქო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ქალაქ ხერსონზე და ოლქის რაიონებზე ავიადარტყმების და საარტილერიო შეტევის შედეგად გასულ 24 საათში დაიღუპა სამი და დაიჭრა სამი ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციების ცნობით, ავიადარტყმების შედეგად დაზიანებულია რამდენიმე სახლი და საკვები პროდუქტების საწარმო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 აპრილს, დილის 11 საათისთვის განაცხადა, რომ ზავის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ შეიარაღებულმა ძალებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გააგრძელეს. დღის პირველ ნახევარში რუსეთს არაფერი უთქვამს უკრაინის მხრიდან დრონებით, ან სხვა საშუალებებით შეტევის შესახებ.

20 აპრილს ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სააღდგომო ზავის“ დროს ფრონტის ძირითად მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, თუმცა, უკრაინაში არ ყოფილა საჰაერო განგაში, ამ ფორმატის შენარჩუნება ყველაზე მარტივად შეიძლება, ამიტომ კიევის წინადადებაა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით და რაკეტებით დარტყმების შეწყვეტა კიდევ, სულ მცირე, 30 დღით და გაგრძელების შესაძლებლობით.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ „სააღდგომო ზავი“ 21 აპრილს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე ამოიწურა და მისი გაგრძელების ბრძანება პრეზიდენტს არ გაუცია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 აპრილის საღამოდან გამოაცხადა „სააღდგომო ზავი", რომლის მოქმედების ვადა 21 აპრილის დადგომისთანავე ამოიწურა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები მართლაც შეწყდება, ვადის ამოწურვის შემდეგ ზავის გაგრძელებას სთავაზობენ.

20 აპრილს, ღამით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „სააღდგომო ზავი" 2935-ჯერ დაარღვია. ზელენსკის თანახმად, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან იყო 96 შტურმი, უკრაინელი სამხედროების პოზიციები 1882-ჯერ დაიცხრილა და დაახლოებით 950-ჯერ გამოიყენეს FPV-დრონები.

რუსეთმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 20 აპრილს ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები 444-ჯერ დაცხრილეს და დრონებით 900 დარტყმა განახორციელეს.

მხარეთა მიერ გავრცელებული მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG