Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვა დაბლოკა


აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბათს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეწყვიტოს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიების - "ამერიკის ხმის", რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების - დახურვასთან დაკავშირებული ძალისხმევა.

აშშ-ის ოლქის მოსამართლე როის ლამბერტის მითითებით, ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“ თანამშრომლებისა და კონტრაქტორების პოზიციებზე დასაბრუნებლად და მაუწყებლობის გასაახლებლად.

მარტში ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ მორალესმა და სპეციალურმა მრჩეველმა კერი ლეიკმა იძულებით შვებულებაში გაუშვეს 1300-ზე მეტი თანამშრომელი და დაფინანსება შეუწყვიტეს რამდენიმე მედიაორგანიზაციას (მათ შორის რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას), რომლებსაც USAGM უწევს ზედამხედველობას.

საპასუხოდ თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ეს ქმედება არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას და კანონებს, რომელთა მეშვეობით აშშ-ის კონგრესმა ავტორიზაცია გასცა და აფინანსებდა „ამერიკის ხმას“.

ლამბერტის აზრით, კონგრესმა დააფინანსა და დაამტკიცა მაუწყებლობა, რათა ახალი ამბების "ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი" მიწოდება განეხორციელებინა სხვა ქვეყნებში.

მედიაორგანიზაციების დახურვა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტა ნაწილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მილიარდერ ილონ მასკის ფართო მასშტაბის კამპანიისა, რომლის მიზანია ფედერალური მთავრობის შემცირება. მათი თქმით, მთავრობა აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ხარჯავს მიზნებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG