იაპონიამ საქართველოს მთავრობას სთხოვა, შეზღუდოს იაპონიის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ონლაინ კაზინოებზე წვდომა, რაც ტოკიოს მიერ უკანონო ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია.
ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც სააგენტო Kyodo იაპონიის ხელისუფლებაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მსგავსი მიმართვა გაეგზავნა კიდევ შვიდ ქვეყანასა და ტერიტორიას: კანადას, კოსტა-რიკას, მალტას, ანჟუანის კუნძულს (კომორის არქიპელაგში) კიურასაოს (ნიდერლანდის სამეფოს ნაწილი), ასევე ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს - გიბრალტარსა და მენის კუნძულს.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ საიტზე აზარტულ თამაშებში მონაწილეობა იაპონიაში უკანონოდ ითვლება, ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ 2024 წელს იაპონიის მოქალაქეებმა საერთაშორისო სპორტულ ფსონებზე დაახლოებით 6,45 ტრილიონი იენი (დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯეს - ხუთჯერ მეტი ადგილობრივ ონლაინ პლატფორმებზე დადებულ ფსონებთან შედარებით.
ცნობილი ადამიანებისა და პროფესიონალი სპორტსმენების ონლაინ კაზინოებში თამაშზე გავრცელებული ინფორმაციის გამო საზოგადოების აღშფოთების ფონზე, იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ ივნისში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკანონო ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგ წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.
იაპონიაში კვლავ აკრძალულია ონლაინ აზარტული თამაშების თითქმის ყველა ფორმა, გარდა ლატარიის, დოღის, მოტოციკლეტითა და კატერებით რბოლისა. იაპონელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 40 პოპულარული ონლაინ კაზინოს ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი ლიცენზირებული იყო საზღვარგარეთ და მხოლოდ 70% ლიცენზირებული იყო კიურასაოში.
ფორუმი