„მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ მოთხოვნებში - დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს“, - ვკითხულობთ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
„[ჩვენი მხრიდან] უმოქმედობა იქნება არამხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებისა და ოცნებების ღალატი, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს შესაძლებლობას, იარსებოს თავისუფალმა, უსაფრთხო და აყვავებულმა სამხრეთმა კავკასიამ“, - წერია განცხადებაში.
26 აპრილს თბილისში მორიგი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციაა დაგეგმილი.
განცხადებას ხელს აწერენ „ჰელსინკის კომისიის“ წევრები:
- „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი;
- თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი;
- მაღალი რანგის წევრი, დემოკრატი სენატორი შელდონ უაიტჰაუსი;
- მაღალი რანგის წევრი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი;
- „ჰელსინკის კომისიის“ წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი (წარმომადგენელთა პალატის წევრი) რიჩარდ ჰადსონი;
- „ჰელსინკის კომისიის“ წევრი, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი.
„ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ზედიზედ 150-ე დღე შესრულდება, რაც ქართველების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი უარს ამბობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების არალეგიტიმური რეჟიმისთვის დათმობაზე“, - წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნება ხელისუფლებას ებღაუჭება იმით, რომ ართმევს ქართველებს დემოკრატიული საზოგადოებებისათვის ძვირფას უფლებებსა და თავისუფლებებს. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობით, „ქართული ოცნება“ ახდენს თავისი ქვეყნის იზოლირებას ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და წირავს საქართველოს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ერთად რეპრესიებისათვის“, - აცხადებენ კონგრესმენები.
„საქართველოს ენერგიული დემოკრატიული სულისკვეთება ოდესღაც მას რეგიონში იმედის შუქურად აქცევდა. თუ საქართველო ავტოკრატიისკენ ამ გზას გააგრძელებს, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც მტკიცედ არის ერთგული ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ“, - წერენ კონგრესმენები.
„პარალელურად კი, [გამოდის, რომ] ჩვენ მივატოვებთ ქართველებს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტორიტარული მთავრობის პირობებში ტანჯვისთვის, - მას შემდეგ, რაც მათ თავისუფლებისთვის ათწლეულების განმავლობაში იბრძოლეს“.
„ჰელსინკის კომისიის“ წევრებმა წინა განცხადება საქართველოზე 2 აპრილს გაავრცელეს და განაცხადეს: „შეშფოთებულნი ვართ „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლირებულ კომპანიას გადასცეს“.
ფორუმი