„2024-2025 წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში“, - აცხადებს გაერთიანება.
KGEU-ს თანახმად, ყაზახი ვიზიტორების მიმართ ხშირად შეიმჩნევა უარყოფითი დამოკიდებულება, რაც „ზიანს აყენებს ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე ქვეყნის გარეთ“.
ყაზახეთის მოქალაქეები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, - წერს ორგანიზაცია ჩამოთვლის:
- კვების ობიექტებში
- საფინანსო დაწესებულებებში,
- სამარშრუტო ტაქსებში
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
„სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას“, - წერია გაერთიანების მიერ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე წყაროს თანახმად, მესაზღვრეების მხრიდან შეინიშნება ღირსების შემლახავი და არაკორექტული გამოკითხვის პრაქტიკაც.
„მსგავსი სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტების სიმრავლეზე მიუთითებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ორგანიზაციის წევრების თანამშრომელთა მხრიდან დახმარების ხშირი თხოვნები, მრავლობითი პრეტენზიები კერძო პირებისგან და სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი სტატია თუ პოსტი, რომლებიც ყაზახეთის მოქალაქეების ნეგატიურ გამოცდილებას ასახავს“, - წერია განცხადებაში.
KGEU ხაზს უსვამს, 2006-2025 წლებში ყაზახეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთი საქართველოში 350 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო 2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა 6.5 მილიარდ დოლარს გასცდა, სადაც ყაზახეთში ექსპორტის წილმა 860 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 13% შეადგინა. ამ ექსპორტის 95%-ს ავტომანქანების ექსპორტი წარმოადგენს.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ მისი წევრები არიან საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი კომპანიები:
- „ჰალიკ ბანკი საქართველო",
- „რომპეტროლ საქართველო",
- „ბათუმის ნავთობის ტერმინალი",
- „კაპიტოლ მენეჯმენტი" და ა.შ..
25 აპრილს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ გაავრცელა პრესრელიზი, სადაც უწყება ყაზახეთში, ალმატის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობაზე იუწყება.
„ყაზახეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, ყაზახებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ“, - განაცხადა მაია ომიაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები ჩამოგვყავს ყაზახეთიდან საქართველოში. ახლაც ჩვენ ვიმყოფებით ყაზახეთში, რომ ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ მათ და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ ყაზახეთიდან საქართველოში“, - განაცხადა ომიაძემ.
ფორუმი