განახლება: მომხდარს ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კანადაში, ქალაქ ვანკუვერში მიმდინარე ფესტივალზე, მანქანა ხალხში შევარდა, რასაც, როგორც BBC წერს, "რამდენიმე ადამიანის" სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.
ვანკუვერის პოლიციამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა.
პოლიციის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია. ის 30 წლის ვანკუვერის მკვიდრია, ცდილობდა გაქცევას, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფებმა შეაჩერეს.
„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა მას შემდეგ, რაც მძღოლმა მანქანა ხალხის მასაში შეაჭრა ქუჩის ფესტივალზე E. 41st Avenue-სა და Fraser-ის ქუჩის მიმდებარედ დღეს, საღამოს 8 საათის შემდეგ.
მძღოლი დაკავებულია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ვანკუვერის პოლიციის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ დღეს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ქუჩის ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, ტერორისტული აქტი არ იყო
ფესტივალი „ლაპუ ლაპუ“ ფილიპინების ეროვნული გმირის პატივსაცემად ტარდებოდა და ფილიპინური კულტურის აღნიშვნას ემსახურებოდა.
დევიდ ები, ბრიტანეთის კოლუმბიის (სადაც ვანკუვერი მდებარეობს) პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შოკირებულია და გული სტკივა დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.
ის ადასტურებს, რომ პოლიცია საქმეს იძიებს და ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ინციდენტი მოხდა კანადის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ დღით ადრე, რომელიც ორშაბათს უნდა ჩატარდეს.
კანადის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მარკ კარნიმ X-ზე დაწერა: „გამანადგურებელია ის, რაც ლაპუ ლაპუს ფესტივალზე ვანკუვერში მოხდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს, ფილიპინურ-კანადურ საზოგადოებას და მთელ ვანკუვერს. ჩვენ ერთად ვგლოვობთ, თქვენთან ერთად“.
კარნი, რომელიც კანადის ლიბერალურ პარტიას ხელმძღვანელობს, არჩევნებში კონსერვატორული პარტიის ლიდერ პიერ პოლიევრს უწევს კონკურენციას.
პოლიევრმაც X-ზე გამოხატა თავისი რეაქცია: „შოკირებული ვარ ვანკუვერში ლაპუ ლაპუს ფესტივალზე მომხდარი საშინელი ამბით. ჩემი ფიქრები და თანადგომა ფილიპინურ საზოგადოებასა და ყველა დაზარალებულთან არის. მადლობა პირველ დახმარების ჯგუფებს, რომლებიც ადგილზე მოქმედებენ“.
ფორუმი