ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, DCFTA-ის გადახედვა, კანდიდატის სტატუსის გაყინვა - რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მარტა კოსი ასახელებს ზომებს ევროკავშირის არსენალიდან - რომელთა გამოყენებაც თეორიულად შესაძლებელია.
ამავე მიზანს ემსახურება ამჟამად შეჩერებული დიალოგის განახლების ჩანაფიქრიც, რომელიც, ევროკომისრის თქმით, შესაძლოა, ქვედა დონიდან დაიწყოს.
ევროკავშირი შეთანხმებას ვერ აღწევს ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით, რადგან არ არსებობს კონსენსუსი - 27 ქვეყნის თანხმობა. “წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება” - ეს ფაქტი რადიო თავისუფლებასთან მარტა კოსმაც დაადასტურა.
გაფართოება იგეგმება - სად არის ამ დროს საქართველო?
ევროკომისარ მარტა კოსის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და იმედი აქვს, რომ 2029 წლამდე, ვიდრე მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ევროკავშირში ორზე მეტ ახალ წევრს იხილავენ.
მონტენეგროსა და ალბანეთის გარდა, მისი თქმით, რეალისტური შესაძლებლობები აქვთ უკრაინას - „ისტორიაში პირველ ომში მყოფ ქვეყანას“, რომელთანაც ევროკავშირი გაწევრიანებაზე მუშაობს და მოლდოვას, რომელიც „მართლაც გრძნობს ისტორიულ მომენტს“ და „მშვიდობის პროექტის“ ხორცშესხმას ცდილობს.
ამ ჩამონათვალში არ არის საქართველო. ევროკომისრის სიტყვებია, რომ “[საქართველოს] მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს”, მაშინ, როცა “ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული” და პრობლემაა “ერთიმეორის მიყოლებით” მიღებული კანონები - “რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს”.
და რა ზომებს ატარებს ევროკავშირი ამ ვითარების საპასუხოდ?
ამ ეტაპამდე ევროკავშირისა და მისი ცალკეული ქვეყნების მიერ მიღებული ზომებია:
- უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის [“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები] – 2025 წლის იანვარში დამტკიცებული გადაწყვეტილებით, მათ სამგზავროდ ვიზების აღება უწევთ და ვეღარ სარგებლობენ გამარტივებული პროცედურებით [შემცირებული ვადები, დაბალი სავიზო მოსაკრებელი, ნაკლები დოკუმენტის წარდგენა];
- სამთავრობო სტრუქტურებისთვის გამიზნული პროგრამების შეჩერება - 2025 წლის იანვარში გამოცხადდა 100 მილიონი ევროს შეჩერების შესახებ;
- შეჩერებულია მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირსა და თბილისს შორის - ბრიუსელსა თუ თბილისში ასეთი შეხვედრები უკვე თვეებია აღარ იმართება.
“არის კიდევ სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა განიხილოთ?” - რადიო თავისუფლების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ევროკომისარი კოსი აღნიშნავს, რომ “ბევრი შესაძლებლობა არსებობს” და მათგან რამდენიმეს ჩამოთვლის:
„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ - გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ - საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები“.
თუმცა ევროკომისარი ლაპარაკობს აუცილებელ სიფრთხილეზეც, რომ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის გამო, ისევ ქართველი ხალხი არ დაზარალდეს და საქართველო არ "დაიკარგოს".
დასახელებული გამოსავალი თბილისთან დიალოგის აღდგენაა, ჯერ ქვედა დონიდან და შემდეგ შესაძლოა - მაღალ დონეზეც.
„ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ...
შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“ - განაცხადა ევროკომისარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ასეთი მიდგომები არ უკვირს საქართველოს ყოფილ ელჩს ევროკავშირში, ნატალია საბანაძეს, რადგან მსგავსი გეგმის შესახებ მასაც სმენია.
“რაც მე ვიცოდი, რეალურად ასეთი პოზიცია მწიფდება [ევროკავშირში]: ისეთი სიტუაციაა, რომ რეალურად საქართველო შესაძლოა მთლიანად გავიდეს ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური სივრციდან და იმის გამო, რომ კავშირი არ არის, იკარგება ზეწოლის ბერკეტები და ამიტომ საჭიროა ნელ-ნელა ისევ კონტაქტში შესვლა, რათა მეტი როლი ითამაშოს ევროკავშირმა, მეტი გავლენა იქონიოს პროცესებზე ქვეყანაში”, - ნატალია საბანაძე გვეუბნება, რომ ევროკავშირს თეორიულად შეუძლია დაამტკიცოს ევროკომისარ კოსის მიერ ჩამოთვლილი შეზღუდვები და მეტი ბერკეტიც გამოიყენოს [რასაც რუსეთის წინააღმდეგ ვხედავთ], მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯების გადადგმას არ მოელის.
თუმცა, თუკი ვითარება დამძიმდება და თბილისი ევროპულ გზაზე არ დაბრუნდება, რაღაც ეტაპზე ასეთი აუცილებლობაც დადგება.
“საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, არ სურს დაკარგვა, მაგრამ არც ისეთი სტრატეგიული ინტერესი არსებობს, რომ ყველა მთავარი პრინციპი დათმონ”, - ნატალია საბანაძე ელჩის პოსტიდან 2021 წელს გადადგა და როგორც გვეუბნება მაშინ უკვე ნათლად ხედავდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად უხვევდა ევროკავშირის გზიდან.
“ქართული ოცნება” ბრიუსელის ჩანაფიქრს ულტიმატუმით ხვდება
“შანტაჟის ენა” - ასე უწოდებს ევროკომისრის მიერ ჩამოთვლილ ზეწოლის ბერკეტებს სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში არცთუ იშვიათად აკრიტიკებს ბრიუსელს, სადაც მას, თანაგუნდელების მსგავსად, გლობალური ომის პარტია, იგივე - “დიპ სტეიტი” ეგულება.
პაპუაშვილი დიალოგის აღსადგენად იქეთ აყენებს ”ოცნების” ხელისუფლების პირობებს, რაც ისევ “დიპ სტეიტის” “ოცნებისეული” გაგებას უკავშირდება:
- არ მოხდეს საქართველოში ევროკავშირის ბიუჯეტიდან ძალადობის პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება.
- არ მოხდეს არჩევნებში ჩარევა - “რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ”.
- აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციის მსგავსად, ევროკავშირმაც უნდა ამხილოს “საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა” და კრიტიკულად შეხედოს - “თუ როგორ იყო ჩართული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა მავნე პროცესის დაფინანსებაში ევროკავშირის ფული”.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს “ქართველი ხალხის” სახელით უპირისპირდება.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელშიც ძალიან კარგად იციან - თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ… ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ჩვენ ველით შესაბამის ნაბიჯებს...
რაც არ უნდა მალოს ბრიუსელმა, ჭირი თავს არ დამალავს. ის მავნე პრაქტიკები, რაც არსებობს, საბოლოოდ, თავს იჩენს და აზიანებს თავად ევროკავშირის რეპუტაციას, მათ შორის, ქართველი ხალხის თვალში”, - ეს განცხადებები შალვა პაპუაშვილმა 29 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
თუკი შემხვედრი ნაბიჯების სანაცვლოდ, თბილისი ბრიუსელს ულტიმატუმებით დაელაპარაკება, ნატალია საბანაძე დიალოგის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს. “ქართული ოცნების” რიტორიკა მას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ - “ევროკავშირი თავისი ღირებულებებით და პირობებით” რისკის შემცველად აღიქმება “რეჟიმის სტაბილურობის გადარჩენისთვის”.
“ინტეგრაციის პროცესიც შეაჩერეს იმიტომ, რომ ყოველ წუთას არ მისულიყო ევროკავშირის ელჩი და არ ეთქვა - დედლაინი [ბოლო ვადა] მოვიდა - ეს და ეს უნდა გაგეკეთებინათ და სად არისო… არადა, თუ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, ეს ხომ ქვეყნის ინტერესებშია - სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გარდაქმნის ქვეყანას ევროპული ტიპის დემოკრატიად”, - ამბობს საბანაძე.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი წლით [2028 წლამდე] აჩერებენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს არის კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი - აუცილებელი ეტაპი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
რას ვერ ახერხებს ევროკავშირი?
ამ დრომდე ევროკავშირში ვერ ხერხდება კონსენსუსის მიღწევა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალური სანქციების ერთობლივი ძალებით დასაწესებლად. ამის შესახებ ევროკომისარმა მარტა კოსმა რადიო თავისუფლების ინტერვიუშიც აღნიშნა:
„ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“.
კონსენსუსის მიღწევას უნგრეთი უშლის ხელს და ლაპარაკი იყო ასევე სლოვაკეთზე. არჩევნებში გამარჯვება “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის სივრცეში მხოლოდ ამ ორმა ქვეყანამ მიულოცა.
ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ “ქართული ოცნების” ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები - რაც მათ საზღვრის გადალახვას უკრძალავს. ეს ქვეყნებია: გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.
აპრილში, რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩაწერა ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასთან. მან ინდივიდუალური სანქციების დაწესების სირთულეზეც ილაპარაკა.
“როგორც იცით, ჩვენ 27 ქვეყანას შორის უნდა გვქონდეს შეთანხმება და აქ ეს პრობლემაა. ასე რომ, ჩვენ კვლავ განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია... ჩვენ მუდმივად ვმსჯელობთ იმაზე, თუ კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია რეალურად“, - კალასმა, ამ ინტერვიუში, საქართველოში არსებული მდგომარეობა „უკიდურესად მძიმედ“ შეაფასა.
ნატალია საბანაძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირში შეთანხმება გაჭირდებოდა, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების [DCFTA - ასოცირების შეთანხმების ნაწილი] გადახედვის კუთხით, ასევე კანდიდატის სტატუსის “გაყინვის” მიმართულებითაც; თუმცა მალე კიდევ უფრო გაიოლდება უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერება, რადგან საფუძვლების სპექტრს დემოკრატიული პრინციპების დარღვევა დაემატება, რაც, საბანაძის შეფასებით - შესაძლოა, საქართველოს შემთხვევაში, წევრი ქვეყნების მთავარი არგუმენტი გახდეს.
ფორუმი