შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას.
„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან, რამდენიმე საათში დააკავეს“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.
გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).
„არ არის მარტივად საქმე. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აზროვნებს ჭიათურის გადასარჩენად და გული შესტკივა მათზე, ვინც დღეს ჩვენი საერთო საქმისთვის არის დაკავებული... არავინ არ იცის, რამდენი თვე ან რამდენი წელი მოუნდება კომპანიას, რომ ის ციხეში იჯდეს, დატოვონ თავისი შვილები, ოჯახები და ასე სამაგალითოდ დასაჯონ ეს ადამიანები. ალბათ ოცნებობდნენ, რომ მათ შორის მეც ვყოფილიყავი, ვინმე ხმის ამომღები არ დარჩენილიყო“, - თქვა ერთ-ერთმა მაღაროელმა ჭიათურაში გამართულ აქციაზე.
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. ბოლო კვირებია მაღაროელები აქციებს მართავენ ხელისუფლებისგან ყურადღების მისაქცევად. ექვსი მათგანი შიმშილობს.
ჭიათურელი მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლას თვეებია ითხოვენ და დემონსტრაციებს მართავენ, აცხადებენ, რომ კომპანია „ულტიმატუმის ენით“ საუბრობს და „რეპრესიებს“ აანონსებს.
ჭიათურაში მომპოვებელი პროცესის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერებულია - მაშინ თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ 2025 წლის 1 მარტამდე ხელფასის 60% დაერიცხებოდათ. 7 მარტს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებდა.
უკვე 23 აპრილს კი „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.
24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები, რომლებზე ხელის მოწერის შემთხვევაშიც გამოდიოდა, რომ დასაქმებულები დაეთანხმებოდნენ:
- კომპანიაში რეორგანიზაციის დაწყებას, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულთა ნაწილი უმუშევარი დარჩებოდა;
- კომპანია არ აიღებდა ყველა თანამშრომლის დასაქმების ვალდებულებას, თუმცა „გამოხატავდა მზაობას“ ვაკანტური ადგილების მოძიებაში დასახმარებლად;
- შემცირდებოდა სამუშაო საათები - ვახტური გრაფიკიდან (12 სთ) 8 საათამდე.
„თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას... კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ რჩები კომპანიის ნების ამარა, რომ დაგაბრუნებს სამსახურში. ოღონდ იმ პირობებით, რაც მისთვის იქნება მისაღები - შეგიმცირდება ხელფასი და შეგეცვლება სამუშაო რეჟიმი“, - განაცხადეს „მაღაროელებმა“ 24 აპრილს.
მაშინ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „რეორგანიზაციის მიზანია შრომის სწორად და ეფექტიანად წარმართვა, რაც უშუალოდ უკავშირდება როგორც კომპანიის საკადრო პოლიტიკას, ისე საოპერაციო ხარჯების შემცირებას“.
ფორუმი