რუსეთის ვლადიმირის ოლქის ქალაქ მურომზე დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთ საწარმოში. ოლქის გუბერნატორი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს. ტელეგრამ-არხ ASRTA-ს ცნობით, ეს საწარმო მურომის ინსტრუმენტული ქარხანაა.
საჯარო წყაროების თანახმად, ქარხანა სამხედრო დანიშნულების მოწყობილობებს, მათ შორის ასაფეთქებელ საშუალებებს აწარმოებს. მურომის ქარხნის წინააღმდეგ უკრაინის და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს.
პირველი ცნობა „მურომში, საწარმოში მსხვილი ხანძრის" შესახებ ვლადიმირის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ტელეგრამ-არხზე 30 აპრილს, დილის შვიდის ნახევრისთვის გამოქვეყნდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ავდეევმა დაწერა, რომ საწარმოს საწყობში ხანძრის მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატების „ჩამოვარდნაა".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, შედეგების დაკონკრეტების გარეშე, დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ვლადიმირის ოლქში გაანადგურეს სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
განახლება: 30 აპრილს, დღისით რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს მურომის ქარხანაზე დრონებით დარტყმა.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი