Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ადასტურებენ დრონებით დარტყმას რუსეთის სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს დაუდასტურეს დრონებით შეტევა რუსეთის ქალაქ მურომში მდებარე ქარხანაზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს დაუდასტურეს დრონებით შეტევა რუსეთის ქალაქ მურომში მდებარე ქარხანაზე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთის ვლადიმირის ოლქის ქალაქ მურომში მდებარე ქარხანაზე, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის და ავიაციის დაკვეთებს ასრულებს.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ გასულ ღამით, ე.წ. დამრტყმელი დრონებით შეუტიეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოს, მურომის ინსტრუმენტულ ქარხანას, სადაც ხუთი აფეთქება იყო და წინასწარი მონაცემებით, ორი შენობა განადგურდა.

პირველი ცნობა „მურომში, საწარმოში მსხვილი ხანძრის" შესახებ ვლადიმირის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ტელეგრამ-არხზე 30 აპრილს, დილის შვიდის ნახევრისთვის გამოქვეყნდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ავდეევმა დაწერა, რომ საწარმოს საწყობში ხანძრის მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატების „ჩამოვარდნაა".

გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახლებია. ტელეგრამ-არხი ASRTA იუწყებოდა, რომ ეს საწარმო მურომის ინსტრუმენტული ქარხანაა.

საჯარო წყაროების თანახმად, ქალაქ მურომში მდებარე ქარხანა სამხედრო დანიშნულების მოწყობილობებს, მათ შორის ასაფეთქებელ საშუალებებს აწარმოებს. ქარხნის წინააღმდეგ უკრაინის და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, შედეგების დაკონკრეტების გარეშე, 30 აპრილს, დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ვლადიმირის ოლქში გაანადგურეს სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG