ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის არმიის დასახმარებლად გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტის დანაკარგი (დაჭრილები და დაღუპულები) 4700-ს აღემატება.
სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა ეს მონაცემები დღეს, 30 აპრილს წარუდგინა პარლამენტის დაზვერვის კომიტეტს. სეულის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში 600-მდე ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ცნობითვე, ფხენიანმა რუსეთის არმიის დასახმარებლად კურსკის ოლქში ორ ეტაპად გაგზავნა საერთო ჯამში, 15 000 სამხედრო.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
პირველი ცნობები, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის არმიის მხარდასაჭერად თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. მოსკოვი და ფხენიანი ამას ბოლო დრომდე არ ადასტურებდნენ.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები. ამის შემდეგ, 28 აპრილს ფხენიანმა თავადაც დაადასტურა რუსეთის მხარდასაჭერად სამხედრო ძალის გაგზავნის ფაქტი.
არაერთი წყაროთი დადასტურებულია, რომ ფხენიანი რუსეთს იარაღსაც აწვდის. 2025 წლის აპრილში გამოცემა Newsweek-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის ანალიზის ცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ გზით ჩრდილოეთმა კორეამ 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
კურსკის ოლქის გათავისუფლების შესახებ რუსეთის განცხადებიდან მეორე დღეს, 27 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ დამცავ მოქმედებებს კურსკის და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში.
ფორუმი