კრემლის საიტზე დღეს, 28 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში პუტინი საჯაროდ პირველად აღიარებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეის არმიის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებიც.
პუტინის თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს დახმარება გაუწია ორ ქვეყანას შორის 2024 წლის 19 ივნისს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის საფუძველზე, რაც რომელიმე მხარეზე თავდასხმის შემთხვევაში ითვალისწინებს დაუყოვნებლივ სამხედრო დახმარებას.
რუსეთის პრეზიდენტი მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეის მეთაურს, „ამხანაგ“ კიმ ჩენ ინს. პუტინის განცხადებით, სათანადოდ აფასებენ ამ ქვეყნის მეომრების „გმირობას, სპეციალური მომზადების მაღალ დონეს და თავგანწირვას“ და „რუსი ხალხი არასდროს დაივიწყებს სპეცდანიშნულების კორეელი მებრძოლების გმირობას“.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ყოველთვის პატივს მიაგებენ კორეელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს რუსეთისთვის, საერთო თავისუფლებისთვის“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
გერასიმოვის ეს განცხადება იყო რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნის პირველი ოფიციალური დადასტურება. ამის შემდეგ, 28 აპრილს ფხენიანმა თავადაც დაადასტურა რუსეთის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნის ფაქტი.
პირველი ცნობები, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის არმიის მხარდასაჭერად თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. არსებული მონაცემებით, ფხენიანმა რუსეთის დაახმარა სულ მცირე 11 000 სამხედრო. მათგან სავარაუდოდ, 4000 დაიღუპა.
არაერთი წყაროთი დადასტურებულია, რომ ფხენიანი რუსეთს იარაღსაც აწვდის. 2025 წლის აპრილში გამოცემა Newsweek-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის ანალიზის ცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ გზით ჩრდილოეთმა კორეამ 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
კურსკის ოლქის გათავისუფლების შესახებ რუსეთის განცხადებიდან მეორე დღეს, 27 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ დამცავ მოქმედებებს კურსკის და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში.
ფორუმი