Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეგობარი აქტის“ თანაავტორი უილსონი „ივანიშვილის ხელშემწყობების სიას“ აქვეყნებს


„მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ - მიმართავს ჯო უილსონი მათ.
„მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ - მიმართავს ჯო უილსონი მათ.

წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ 80%-იანი მხარდაჭერით მიღების შემდეგ, აქტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აქვეყნებს საქართველოში „ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს მიტაცებაში ხელშემწყობთა სიას“.

„ქვემოთ ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, საქართველოს სახელმწიფოს მიტაცებაში და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთისათვის დაქვემდებარებაში“, - წერია კონგრესმენი უილსონის მიერ 6 მაისს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ წერილში.

ჯო უილსონის სიაში არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოს სასამართლო სისტემის, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

„მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუ არადა, მოიმკით შედეგებს“, - მიმართავს ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მის გამოქვეყნებულ სიაში არიან:

აღმასრულებელი ხელისუფლება

  • ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი
  • კახა კალაძე - თბილისის მერი
  • ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე
  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  • ანრი ოხანაშვილი - სუს-ის უფროსი
  • პაატა სალია - იუსტიციის მინისტრი
  • მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი
  • სულხან თამაზაშვილი - აჭარის მთავრობის მეთაური.

საკანონმდებლო ორგანო

  • შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სპიკერი
  • ნინო წილოსანი - ვიცე-სპიკერი
  • მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
  • ვიქტორ ჯაფარიძე - პარლამენტარი, „პოსტივის“ მფლობელი
  • დიმიტრი (დიტო) სამხარაძე - პარტიის რეგიონული მდივანი
  • თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი

სასამართლო

  • მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  • ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლო
  • ლევან თევზაძე - უზენაესი სასამართლო
  • ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლო
  • რევაზ ნადარაია - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე
  • შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

სახელმწიფო ინსტიტუტები

  • გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი
  • კარლო (კოკა) კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
  • გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს თავმჯდომარე
  • გიორგი ჯავახიშვილი - ცესკოს მდივანი
  • რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
  • ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ბიზნესი

  • უჩა მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი
  • ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი
  • ალექსანდრე ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა
  • ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - ყოფილი გენერალური პროკურორი
  • ნოშრევან ნამორაძე

„პროპაგანდა“

  • ირაკლი რუხაძე - დასახელებულია, როგორც „მთავარი პროპაგანდისტული არხის, „იმედის“ მფლობელი“
  • ლაშა ნაცვლიშვილი - „პროპაგანდისტული არხის, პოსტივის დამფუძნებელი
  • ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე
  • თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი
  • კახი ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

უშუალოდ კანონპროექტში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში მიღების შემდეგ სენატში უნდა უყარონ კენჭი, კონკრეტული სახელები ჩამოთვლილი არაა.

თუმცა აქტი ითვალისწინებს, რომ მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დაადგინოს, სხვადასხვა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის პირები იღებდნენ თუ არა მონაწილეობას მნიშვნელოვან კორუფციაში, ძალადობრივ ქმედებებში [დემონსტრანტების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ] ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვაში:

  1. ნებისმიერი პირი, რომელიც 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ პარლამენტის წევრი ან ქართული ოცნების მაღალი რანგის წევრი იყო/არის;
  2. ნებისმიერი პირი, რომელიც მაღალ თანამდებობაზეა დანიშნული და მუშაობს საქართველოს მთავრობისათვის, მათ შორის სამართალდამცავ, უსაფრთხოების, სასამართლო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებაში;
  3. ამ ორ კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთაც სარგებელი მიიღეს აღნიშნულ პირთა შესაბამისი ქმედებიდან.

თბილისის დროით 6 მაისს, ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act-ი), - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.

პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს - 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.

საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა.

ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG