Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკად გაასაღეს - ელისეს სასახლემ რუსულ დეზინფორმაციას უპასუხა


მარცხნიდან მარჯვნივ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევისკენ მიმავალ მატარებელში. 2025 წლის 9 მაისი
მარცხნიდან მარჯვნივ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევისკენ მიმავალ მატარებელში. 2025 წლის 9 მაისი

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში ქვეყნის მტრების მიერ გავრცელებული ტყუილი უწოდეს ინფორმაციას, რომ კიევისკენ მატარებლით მომავალი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ლიდერების მაგიდაზე იდო ნარკოტიკი, რომლის დამალვასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში 9 მაისს გაემგზავრნენ. მატარებელში გადაღებულ ვიდეოკადრებში მაგიდაზე ჩანს დაჭმუჭნილი ქაღალდის ხელსახოცი, რომელსაც შემდეგ ჯიბეში იდებს პრეზიდენტი მაკრონი.

ამ კადრების გავრცელების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები და კრემლის პროპაგანდისტები როგორც თავად რუსეთში(მაგალითად, მარგარიტა სიმონიანი), ასევე სხვა ქვეყნებშიც, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ევროპელ ლიდერებს თან ჰქონდათ კოკაინი, რომლის დამალვასაც მაკრონი ცდილობდა, ხოლო მერცი - სპეციალური კოვზის. ეს ინფორმაცია, როგორც „სკანდალი“, ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა(მაგალითად, POSTV).

სინამდვილეში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მაგიდიდან იღებს უკვე გამოყენებულ, ქაღალდის დაჭმუჭნილ ცხვირსახოცს და ჯიბეში იდებს. ახლო კადრი ელისეს სასახლემ 12 მაისს გამოაქვეყნა, წარწერით: ეს არის ცხვირსახოცი ცხვირის მოსახოცად. მეორე ფოტოზე კი ჩანს სამი ლიდერი და აწერია: ეს არის ევროპული ერთობა მშვიდობის წინ წასაწევად.

ელისეს სასახლის განცხადებით, ევროპული ერთიანობის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია იქამდე მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკად გაასაღეს და ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს, რომ მანიპულაციისადმი სიფრთხილე გამოიჩინონ.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა 10 მაისს, კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG