Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ტრამპს და ვენსს ღია წერილით მიმართავს


ფოტოკოლაჟი. მარცხნიდან: დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი და ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი
ფოტოკოლაჟი. მარცხნიდან: დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი და ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ღია წერილის, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, მიმართავს.

კობახიძე წერს, რომ მათი მხრიდან უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებაზე, მიიჩნევს რომ ეს გასაკვირია, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრაა.

“მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის", - წერს კობახიძე და “დუმილს” გასაკვირად აფასებს რამდენიმე მიზეზით.

კობახიძე ტრამპს შეახსენებს, რომ “საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში”. “საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში" და რომ “მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება”.

აქვე კობახიძე ტრამპს უხსნის, რა თანხებს არ თვლის "ქართული ოცნების" მთავრობა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაში.

“რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა “დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა”.

კობახიძე აქვე განაგრძობს მიზეზების ჩამოთვლას, რატომაა გასაკვირი მისი წერილის უპასუხოდ დატოვება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კობახიძის თანახმად, აშშ “ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც” აწარმოებს “აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას”. და ეს იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერის თქმით, “საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით”.

მისი სიტყვებით, “საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს”, იმ ფონზე, რომ “თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის”.

“ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ”, - წერს კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს.

ის “გაუგებარს” უწოდებს “სანქციებს” “საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს”.

2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა მიიღო საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 30-ე დღეს; ამავე დროს - „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე.


ის “აბსურდულ კანონად” მოიხსენიებს კონგრესის მიერ მიღებულ “ე.წ. „მეგობარ აქტს“, რომელიც კობახიძის შეფასებით, “არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ” და არ გაამახვილებდა მასზე ყურადღებას, “რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს.”

და როგორც ის განმარტავს, “ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია”.

“ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ.

თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში! ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!” - წერს კობახიძე.

აშშ-ის სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისადმი

შეერთებულ შტატებს სანქცირებული ჰყავს:

  • 2023 წლის აპრილიდან - „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
  • 2023 წლის სექტემბრიდან - ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო. ის დაასანქცირეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის #14024 ბრძანების საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს „რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
  • 2024 წლის ივნისიდან, „აგენტების კანონის“ მიღებიდან ორ კვირაში - აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“ - მათი ვინაობა უცნობია.
  • 2024 წლის 16 სექტემბრიდან - 60-ზე მეტი პირი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სანქცირებულთა ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 16 სექტემბრიდანვე - „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
  • 12 დეკემბრიდან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ეხება „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“. ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 19 დეკემბრიდან - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ.

შეერთებული შტატების გარდა, ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციები დაწესებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას.



ფორუმი

XS
SM
MD
LG