„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მანამდე რამდენიმე საათით ადრე, 14 მაისს განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელში „კვლავაც ყველაფერი დევს მაგიდაზე“, მათ შორის - უვიზო მიმოსვლის საკითხიც.
„ბოლო წელიწადის განმავლობაში რასაც ვხედავთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს იმის თაობაზე, ჯერ კიდევ არის თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეორე - ნამდვილად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
„ჩვენ გვჭირდება გადააზრება იმისა, მთელი ეს პრივილეგირებული ურთიერთობა კვლავაც არის თუ არა დამსახურებული და ასეთი სახის განსჯა მიმდინარეობს ახლა ბრიუსელში“, - დასძინა მან.
„ნებისმიერი სპეკულაცია და ის ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრისმომცემია, არის უბრალოდ ტყუილზე აგებული“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროკავშირის ელჩმა კი კომენტარი 14 მაისს საქართველოში პოლონეთისა და უკრაინის საელჩოების, აგრეთვე ორგანიზაცია CASE-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „რუსეთის საფრთხე და მისი გააზრება: პოლონეთის უკრაინისა და საქართველოს გაკვეთილები“ - პარალელურად გააკეთა.
ევროპული საბჭოს 2024 წლის ოქტომბერში გამართული სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში გამოიხატა სერიოზული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსის გამო და ჩაიწერა, რომ „მოქმედების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს მიღების პროცესს“.
მანამდე, 2024 წლის ზაფხულიდან დაწყებული, ევროკავშირის არაერთ წარმომადგენელს, საქართველოში ელჩის ჩათვლით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე ჰქონდა გაცხადებული იმ ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იღებს და რომლებიც „დემოკრატიის უკუსვლას“ იწვევს.
2025 წლის 9 მაისს, ევროპის დღეს, ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა: საქართველომ, შესაძლოა, „დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“ და ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავს რაიმე პროგრესსა და სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს წევრი ქვეყანა.
ფორუმი