„ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს... ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად [აწარმოებდეს] იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
იმის მიუხედავად, რომ ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგაც კანონი შეიძლება გამოიყენონ, მას „ქართული ოცნების“ რეპრესიის გაგრძელებად აღიქვამენ, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ფარას“ ექნება დადებითი მხარე:
„აქ არ არის არანაირი საუბარი შეზღუდვების დაწესებაზე. პირიქით, ეს კიდევ უფრო გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში“.
1 აპრილს „ქართულის ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, - რომელიც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო - დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
ფორუმი