Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბრალდებებით უმასპინძლა


21 მაისს, თეთრი სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უჩვენა ფოტოები, რომლებზეც, მისი თქმით, ასახული არიან სამხრეთ აფრიკაში მოკლული თეთრკანიანი მოქალაქეები
21 მაისს, თეთრი სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უჩვენა ფოტოები, რომლებზეც, მისი თქმით, ასახული არიან სამხრეთ აფრიკაში მოკლული თეთრკანიანი მოქალაქეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიიღო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

21 მაისს გამართული შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც მედიისთვის ღია იყო, მშვიდად დაიწყო. პრეზიდენტები გოლფზე საუბრობდნენ. თუმცა მალევე სიტუაცია შეიცვალა და დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრკანიანი ფერმერების შევიწროების შესახებ განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა წინასწარ მომზადებული ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც, მისი შეფასებით, ამას ადასტურებს.

მათ შორის იყო დოკუმენტური ფილმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჯულიუს მალემის მონაწილეობით. ის ასრულებს სიმღერას, რომელშიც არის ფრაზა „ესროლე ბურებს“. ტრამპმა რამაფოსას აჩვენა კიდევ ერთი ვიდეო და ფოტოებიც, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია თეთრკანიანი ფერმერების სამარხი და მოკლული თეთრკანიანები.

თავის მხრივ, სირილ რამაფოსა დაინტერესდა, სად არის გადაღებული სამარხი, რადგან მსგავსი რამ არასდროს უნახავს და განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ჯულიუს მალემის აზრები და ქმედებები არ ასახავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოფიციალურ პოზიციას.

რამაფოსას განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ადამიანებს აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ. მისივე თქმით, ქვეყანაში კრიმინალის პრობლემა არსებობს, მაგრამ მკვლელების მსხვერპლნი არიან როგორც თეთრკანიანი, ისე შავკანიანი მოქალაქეები.

21 მაისს, ტრამპის და რამაფოსას შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი, მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკიც, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია დაბადებული. მასკი და ტრამპი ირწმუნებიან, რომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ჰოლანდიელებისა და ფრანგების შთამომავლები (აფრიკანერები) გენოციდს განიცდიან.

მაისში აშშ-ის ხელისუფლებამ ლტოლვილად აღიარა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 59 თეთრკანიანი მოქალაქე, რომელთა მტკიცებით, თავიანთ ქვეყანაში ძალადობას და დისკრიმინაციას გაექცნენ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება გენოციდს კატეგორიულად უარყოფს. როგორც BBC წერს, მსგავსი ბრალდებები არ არის დამტკიცებული სასამართლოშიც, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოა. გენოციდთან დაკავშირებული ბრალდება არ აქვთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედ იმ პარტიებსაც, რომელთა ძირითადი მხარდამჭერები აფრიკანერები არიან.

თეთრ სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტუმრობისას განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ მედიასაშუალებას გაახსენა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც 2025 წლის თებერვლის ბოლოს ოვალურ კაბინეტში მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

ამ კონფლიქტისგან განსხვავებით, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თეთრი სახლი ვადაზე ადრე დატოვა, სირილ რამაფოსამ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმაც გააგრძელა და თეთრი სახლი სადილის შემდეგ დატოვა. წასვლის წინ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ძალიან კარგად ჩატარდა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG