Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე გერმანიის ელჩის მიმართ გინებას „შეწუხებას“ უწოდებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მიმართ გინებას „შეწუხებას“ უწოდებს. ამ შეურაცხყოფის შესახებ ვიდეომასალა სახელისუფლებო არხებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებში. 

„ერთი საინტერესო დეტალია, ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა კონკრეტული მოქალაქე და შეაწუხა. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ, რომ ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

არც მას არ აღუნიშნავს და არც პირველი არხის „აქტუალური თემის“ წამყვან მაკა ცინცაძეს არ შეუხსენებია, რომ იგივე ადამიანი, ვალერი ქოჩიაშვილი, ელჩს დაემუქრა და თქვა, რომ „სადაც დავიჭერ, იქ გავხეთქავ შუაზე“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა ბათუმში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასწრების გამოც:

„კაცი ჩავიდა ბათუმში იმისათვის, რომ „გაეპრავებინა“ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და ის რომ შეაწუხა ვიღაცამ სიტყვიერად და სული რომ შეუბერა, ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული“.

მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია - მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სილის გაწვნა არის შეურაცხყოფა, რაც ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და არა სისხლის სამართლის წესით. ამ მოსაზრებას ამყარებენ დგებუაძის კოლეგების მიცემული ჩვენებებით, რომლებშიც ისინი აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

პეტერ ფიშერს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმში 18 მაისს მიაყენეს. მან რამდენიმე დღეში ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ მისთვის შეურაცხყოფის მიყენებისას, გამოჩნდნენ სხვა ქართველები, რომლებმაც ელჩის მხარდაჭერა გამოხატეს:

„ბათუმში მე ცოლთან ერთად ვსეირნობდი. გამოჩნდა ვიღაც კაცი, რომელმაც დაიწყო ყვირილი. ქართველმა ქალმა და კაცმა, რომლებთან ერთადაც ვიყავით, უთხრეს, რომ დაწყნარებულიყო და წასულიყო. ანალოგიურისაკენ მოუწოდეს სხვა ქართველებმაც, რომლებიც ჩვენ გარშემო იდგნენ. რაც სიმშვიდის მიზეზია, არის ის, რომ მას არავინ შეუერთდა და ყველა, ვინც იქ იყო, უთხრა, რომ არასწორი იყო. და ის წავიდა.

ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მივიღე უამრავი შეტყობინება და აქაც მოვიდნენ და მითხრეს, რომ შეწუხებულები არიან. ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო“, - თქვა პეტერ ფიშერმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG