"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შს ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც დღეს, 28 მაისს, გადადგა თანამდებობიდან, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამსახურისთვის და თქვა, რომ მისთვის გასაგებია ამდენი წლის საქმიანობის შემდეგ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ისაუბრა ყოფილ მინისტრთან შეთანხმებაზე.
"შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში და ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის, გელა გელაძის უწყებისთვის წარდგენისას. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველი განცხადება ამ შეხვედრაზე გააკეთა ვახტანგ გომელაურმაც, კობახიძისადმი მადლიერების გამოხატვის შემდეგ მან თქვა:
"ათი წელი ცოტა არ არის, ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მითუმეტეს ბოლო, რა მოვლენებიც განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონმა პრემიერმა ახსენა. ასეთი ბრძოლები რუსთაველზე არ გვქონია, 90-ანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო".
პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ფიზიკური ძალა.
პოლიციის ძალადობა - დემონსტრანტების ცემა და ძარცვა - უფლებადამცველებმა წამებად შეაფასეს. სასტიკად ნაცემ და დაშავებულ ადამიანებს შორის არიან ჟურნალისტებიც. ძალადობის არცერთ ეპიზოდზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ დამნაშავე არ გამოუვლენია.
თუმცა ადმინისტრაციული წესით უკვე გაასამართლეს 400-ზე მეტი ადამიანი. მათი უმრავლესობა ნაცემი იყო. სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო გამოსვლები მეექვსე თვეა გრძელდება.
ვახტანგ გომელაურმა გელა გელაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ვახტანგ გომელაურმა დღეს, 28 მაისს, დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ის 2024 წლის დეკემბრიდან ვიცე-პრემიერიც იყო. გომელაურის თანახმად, გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.
გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.
დღესვე ირაკლი კობახიძემ შს მინისტრად გელა გელაძე დანიშნა. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ორი თვის წინ დაინიშნა, სისტემაში იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროიდან მუშაობს.
ფორუმი