უნგრელი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოვით აღფრთოვანებას გამოხატავს და „მოსკოვი შესანიშნავია“-ო ამბობს, ლავროვს ეკითხება - ბუდაპეშტში რატომ არ ჩამოხვედით რუბიოსთან ერთად ბუდაპეშტში ტრამპი-პუტინის შეხვედრის მოსამზადებლადო. ლავროვი პასუხობს:
„იმის შესახებ - ალიასკაზე შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, წინ როგორ წავსულიყავით - რუბიოსთან საუბრის შემდეგ, მას არ უხსენებია ახალი შეხვედრები ან მოლაპარაკებები. მე თვითონ ეს საკითხი არ წამომიჭრია, ვინაიდან ინიციატივა აშშ-იდან მოდიოდა. მზად ვართ გავაგრძელოთ იმ ტემპში, როგორიც კომფორტული იქნება ამერიკელებისთვის“.
ლავროვი იხსენებს ანკორიჯში შეხვედრისთვის მზადებასაც და მის შედეგებზეც ბევრს ლაპარაკობს „ულტრაჰანგთან“. მისი სიტყვებით, ალიასკაზე შეხვედრამდე სტივ უიფკოფის მიერ მოსკოვში ჩატანილ ტრამპის „ჩარჩო-მიდგომაზე“ სამსჯელოდ პუტინმა მზადყოფნა გამოხატა:
„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან ეს მოკავშირეებთან უნდა განიხილოს, რომლებიც, როგორც გახსოვთ, მეორე დღეს ჩავიდნენ ვაშინგტონში. მათ ჩაიყვანეს ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბუნებრივია, ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს მოკავშირეებს, მეზობლებს და სტრატეგიულ პარტნიორებს. ასე რომ, ბურთ ამერიკელების მხარეს აღმოჩნდა, რომლებმაც შემოგვთავაზეს რაღაც, რის მისაღებადაც ჩვენ საბოლოოდ მზად ვიყავით. ნიუ იორკში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შევახსენე მოვლენათა ამ თანმიმდევრობაზე. მან თქვა: „დიახ, ჩვენ ჯერ ისევ ვიხილავთ, ვცდილობთ, დაინტერესებულები ვართ““.
ლავროვი ირწმუნება, რომ ვიღაცები ცდილობენ დონალდ ტრამპს პოზიცია შეაცვლევინონ:
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახლა ცდილობენ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი დააშორონ იმ ლოგიკას, რომლისთვისაც თავად მას არაერთხელ მიუმართავს. ...ის პირდაპირ ამბობდა - სინამდვილეში, შესაძლოა, ის იყო პირველი და ალბათ ერთადერთი ლიდერი დასავლეთში (შეიძლება, დედამიწაზეც კი), რომელმაც ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, უკვე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ და 2024 წლის სექტემბრის დასაწყისშიც კი, თქვა: „ნატო არ უნდა ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში. თუკი ნატო იდგება პირდაპირ რუსეთის საზღვრებთან, ის [რუსეთი] ამას არ მოითმენს და მე შემიძლია გავიგო მათი გრძნობებიო".
ის ამბობდა, რომ ვ.ა. ზელენსკის და უკრაინას უნდა ესმოდეთ, რომ შეუძლებელია დაბრუნდეს ყირიმი, რომელიც ობამას მიერ არის „ნაჩუქარი“ და შეუძლებელია უკრაინის ნატოში შესვლა. მაშინვე, აგვისტოში რუსეთმა განაცხადა: „ჩვენ არ გვსურს ნატო ჩვენს საზღვრებთან“ - და მართალიც იყო. ეს ყველამ იცოდა. ეს შეუძლებელია. უბრალოდ, შეუძლებელი“.
ამავე ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „რუსეთის პოზიციის უკეთესად გაგებაში დაინტერესებულთა“ შორის დაასახელა აშშ-ის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერები. ამასთან, დასავლეთ ევროპის ლიდერებსა და ნატოს გენერალურ მდივანს აკრიტიკებს. ლავროვის თქმით, "ევროპელებს არ სძინავთ, არ ჭამენ და ცდილობენ "ხელები გადაუგრიხონ" [აშშ-ის] ამ ადმინისტრაციას".
დასასრულ, უნგრელი ჟურნალისტის შეკითხვაზე - მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში ლავროვი, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ბუდაპეშტში ჩავიდნენ - ლავროვი პასუხობს:
„მე არ მივუწვევივარ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესთავაზა ბუდაპეშტში შეხვედრა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თანახმაა და შესთავაზა შეხვედრის მომზადება. კარგი საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ინიციატივა მოდიოდა აშშ-დან. როგორც ვთქვი, გავიგე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომელშიც განაცხადა, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს ჰქონდათ კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი. ის ისეთი კარგი იყო, რომ ახლა შეხვედრის საჭიროება არ არის. ასე რომ, ინიციატივა არის, ჩვენ კი ზრდილობიანი ხალხი ვართ. როცა გვპატიჟებენ, ვამბობთ, რომ თანახმა ვართ და მოდით, ფორმატზე, ადგილსა და დროზე შევთანხმდეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა 23 ოქტომბერს თეთრ სახლში თქვა, რომ დაპატიჟება გაუქმებულია. მოგვიანებით ამერიკელებმა თქვეს, რომ „გაუქმება“ ნიშნავს „გადატანას“. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატორზე“.
პრეზიდენტმა ტრამპმა 22 ოქტომბერს, თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. მისი განცხადებით, შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. 23 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა და ადგილი ამერიკულმა მხარემ შესთავაზა, რასაც დასთანხმდა და უთხრა, რომ მსგავსი შეხვედრები კარგად უნდა მომზადდეს, მისთვისაც და დონალდ ტრამპისთვისაც შეცდომა იქნებოდა, თუ შეხვედრა მოსალოდნელი შედეგის გარეშე დასრულდება, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა და თქვა, რომ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშავებენ. პუტინის შეფასებით, ტრამპმა გადაწყვიტა შეხვედრის გადადება და არა გაუქმება.
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში ბუდაპეშტში შეხვდებოდნენ, მანამდე კი გაიმართებოდა მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მონაწილეობით.
25 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ეცოდინება, რომ ეს შეხვედრა მოიტანს უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმებას. "არ ვაპირებ დრო ტყუილუბრალოდ ვფლანგო" - თქვა ტრამპმა.
ფორუმი