Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, გახარიას პარტიის წევრებს პარლამენტში მანდატებს შეუწყვეტენ


ფოტოკოლაჟი: მამუკა მდინარაძე (მარცხნივ) და გიორგი გახარია.
ფოტოკოლაჟი: მამუკა მდინარაძე (მარცხნივ) და გიორგი გახარია.

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და სადავო პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტია „გახარია საქართველოს“ 12 წევრს, რომლებსაც საპარლამენტო საქმიანობა არ დაუწყიათ, მანდატებს შეუწყვეტენ. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც რამდენიმე სიტყვაშიც კი შეიძლება რაღაც იპოვონ. გავუუქმებთ, პირდაპირ გეტყვით... ოღონდ ერთი მომენტია, სია არ აქვთ ჩახსნილი, იმ პირველ 12 ადამიანს შევუწყვეტთ უფლებამოსილებას და შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი ექნებათ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ის ოთხი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. მათგან სამმა: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“ საპარლამენტო მანდატები გააუქმეს და ე.წ. სათადარიგო სიები მოხსნეს. მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას („გახარია საქართველოსთვის“).

გიორგი გახარიამ 2025 წლის თებერვალში თქვა, რომ მანდატებზე არ ამბობენ უარს, რადგან არ შეუწყდეთ დაფინანსება, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მიღებულ ხმებსა და პარლამენტში შენარჩუნებული მანდატების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ექვსი თვეა თბილისსა და ბათუმში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც პარტია აღარ დააყენებს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG