რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 29 მაისს განაცხადა, რომ სერბეთის სამხედრო მრეწველობა ცდილობს, რუსეთს „ზურგში ესროლოს“, რადგან ბელგრადის მიერ დეკლარირებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, სამხედრო მრეწველობის ქარხნები განაგრძობენ უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას.
რუსეთის საგარეო დაზვერვამ დაასახელა სერბეთის სამხედრო მრეწველობის ათამდე კომპანია, რომლებსაც „დაავიწყდათ, ვინ არიან ნამდვილი მეგობრები და ვინ მტრები“.
რუსული დაზვერვის მტკიცებით, სერბეთის ეს სამხედრო ქარხნები საბოლოო მიმღები ქვეყნების „ყალბ სერტიფიკატებს“ იყენებენ, რეალურად კი საბრძოლო მასალები საბოლოოდ უკრაინაში იგზავნება. რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ ამ სქემაში ჩართული არიან ნატოს ქვეყნები, პირველ ყოვლისა, ჩეხეთი, პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც ბოლო ხანს აფრიკის ქვეყნებიც დაემატნენ.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 29 მაისს ღამით სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან უსაუბრია როგორც პირისპირ, ისე დელეგაციებთან ერთად და ფაქტების დასადგენად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. როგორც ვუჩიჩმა თქვა, ზოგიერთი საკითხი, რომლებიც დაისვა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩეხეთთან კონტრაქტი არსებობს, მაგრამ არ ყოფილა საბრძოლო მასალების სხვაგან გატანის ნებართვა.
ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ სერბეთის სამხედრო მრეწველობის ქარხნებმა უნდა იცოცხლონ და იმუშაონ, რადგან ქვეყნის არმიას ამარაგებენ და ამ სფეროში 24 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ვინც ადრე რუსეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებდა, ახლა ამბობს, რომ ის მეორე მხარეს გადავიდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სერბეთისთვის მუშაობენ, ქვეყანაზე ხშირი თავდასხმები კი იმითაა გამოწვეული, რომ სერბეთს დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს.
2024 წელს პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ სერბეთი რუსეთს და უკრაინას იარაღს არ აწვდის. ვუჩიჩის თანახმად, ადგილობრივ საწარმოებს კონტრაქტები აქვთ არაერთ სხვა სახელმწიფოსთან და ბელგრადის საზრუნავი ვერ იქნება, სად შეიძლება შემდეგ ეს იარაღი მოხვდეს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სოციალური ქსელებით არაერთხელ გავრცელდა ფრონტზე სერბული მარკირების საბრძოლო მასალების ამსახველი ფოტოები.
ფორუმი