Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დასრულდა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - რუსეთი კვლავ არ თანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტას


სტამბოლში დასრულდა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.

შეხვედრამ საათზე ცოტათი მეტ ხანს გასტანა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - სერჰიი კისლიციას განცხადებით, რუსეთი კვლავაც უარყოფს ცეცხლის უპირობო შეწყვეტის იდეას. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას შესთავაზა 2-3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე, "იმისათვის, რომ მეთაურებმა მოახერხონ თავიანთი ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება".

უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე და 25 წელზე ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების, აგრეთვე ცხედრების გაცვლაზე.

რაუნდის დასრულებას ვილნიუსში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. ის მონაწილეობდა ერთობლივ ბრიფინგში, რომელიც ვილნიუსში „ბუქარესტის ცხრიანისა“ და ნორდიკული ქვეყნების სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართა ევროპელ ლიდერებსა და ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად:

„სტამბოლში მოლაპარაკებები ახლახან დასრულდა, ველოდები მინისტრ უმეროვისგან სრულ ანგარიშს. მათ თურქეთის მხარის დახმარებით გაცვალეს დოკუმენტები და ვემზადებით სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლისთვის“.

ზელენსკიმ აგრეთვე განაცხადა:

„თუკი რუსეთი სტამბოლის შეხვედრას ცარიელ სიტყვებად აქცევს, უნდა გაჩნდეს ზეწოლის ახალი დონე, ახალი სანქციები - არა მხოლოდ ევროპისგან. გვჭირდება ერთობლივი სანქციები „დიდი შვიდიანის“ დონეზე, აშშ-ის ჩათვლით და ყველასგან მსოფლიოში, ვისაც მშვიდობა უნდა“.

ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის ნავთობით ვაჭრობას და მის მიერ ტანკერების გამოყენებას, ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწევას.

უკრაინის დელეგაციას სტამბოლის მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რუსეთის ფედერაციისას - კრემლის წარმომადგენელი ვლადიმირ მედინსკი.

უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. შეხვედრაზე შეთანხმდა ტყვეების გაცვლა - 1000-1000-ზე, რაც ეტაპობრივად განხორციელდა კიდეც.

2 ივნისის მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა უკრაინის მიერ უპრეცედენტოდ მასშტაბური დრონებით თავდასხმა რუსეთის აეროდრომებზე და სტრატეგიული ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილის (41 ერთეულის) განადგურება. მოგვიანებით კიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზუსტდა, რომ ეს ოპერაცია წელიწად-ნახევრის განმავლობაში მზადდებოდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG