Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევას


საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში
საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უკრაინას ისევ შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით. არის მსხვერპლი და ნგრევა.

ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში დრონებით დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ოფიციალურ შეტყობინებაში საწარმო დაკონკრეტებული არ არის.

სულ მცირე, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ქალაქ ჩერნიგოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეულია ერთი კერძო სახლი და დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი და კერძო სახლი, სკოლა და მაღაზიები.

შეტევა იყო ოდესაზეც. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. ხანძარი გაუჩნდა სურსათის საწყობებს.

განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 3 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 112 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 75 გააუვნებელყვეს.

2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.

უკრაინის უმთავრესი მოთხოვნა ისევ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, რაზეც რუსეთმა კვლავ უარი თქვა.

მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან.

უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.


ფორუმი

XS
SM
MD
LG